მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიმუშავეთ პროდუქტის გაიაფებაზე, განხორციელებული გვაქვს ინვესტიცია, თუმცა გაჟღერდა, რომ PET იკრძალება" – "მარნეულის ქარხანა"

გიორგი მუსერიძე

"მარნეულის სასურსათო ქარხნის" წარმომადგენელ გიორგი მუსერიძის განცხადებით, კომპანიამ პროდუქტის გაიაფებაზე დაიწყო მუშაობა და წარმოების მინის ტარიდან PET-ის შეფუთვაში გადატანის პროექტი შეიმუშავა, რაშიც ინვესტიციები ჩადო. შემდეგ კი შეიტყვეს, რომ ხელისუფლება პლასტმასის შეფუთვით პროდუქტის წარმოებას კრძალავს. გიორგი მუსერიძემ პარლამენტში პროდუქციის ფასების დროებით კომისიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათ პარტნიორთან ერთად გარკვეული პროდუქტის Doypack-ში შეფუთვის სურვილიც აქვთ, თუმცა ახლა გაურკვევლობაში არიან.

ცნობისთვის, მთავრობა 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებით და შეფუთვებით სურსათის (მათ შორის სასმლის) რეალიზაციის აკრძალვას გეგმავს.

„ჩვენ ვიმუშავეთ გაიაფების მიმართულებით და რადგან წარმოების პროცესში შუშის ტარაზე ვიყავით დამოკიდებულები, დავამუშავეთ PET-ის პროექტი. გვინდა, პროდუქციის წარმოება PET-ის ფორმატში გადავიტანოთ, რაც ცივილური ბაზრისთვის ნორმალურია. მაგალითად, ამ ფორმატში გადავიტანეთ კეტჩუპის წარმოება, ასევე ე.წ. doypack-ებში გადავიტანოთ კეტჩუპის და მაიონეზის წარმოება. რაც ჩვენ 15 წლის წინგანვახორციელეთ, გვინდა, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ.

15 წლის მუშაობის შედეგად, მოვიზიდეთ საკმაოდ მსხვილი გერმანელი ინვესტორი, რომელიც კეტჩუპის სოუსების მიმწოდებელია და ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ წინა კვირას გაჟღერდა, რომ PET იკრძალება, სრულ გაურკვევლობაში ჩავვარდით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს განხორციელებული გვაქვს ინვესტიცია, დანადგარები გზაშია, დათვლილი გვაქვს ბაზრის ზომა... მივდიოდით გაიაფებისკენ და ეს ინფორმაცია დაგვეწია“, - განაცხადა „მარნეული ქარხნის“ წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, შეეხება თუ არა აკრძალვა Doypack-ებით პროდუქციის წარმოებასაც.

გიორგი მუსერიძემ ასევე დეტალურად აღწერა, თუ რა მოქმედებს მათი პროდუქტის ფასწარმოქმნაზე, რომელთა შორისაა სხვადასხვა პროდუქტის იმპორტდამოკიდებულება, მელიორაცია, შრომითი დანახარჯები, ბაზრის სიმცირე, კონკურენცია, გაზრდილი სადისტრიბუციო ხარჯები და ა.შ.

„ჩვენს შემთხვევაში პროცესები ბევრად კომპლექსურია, რადგან წარმოების სასურსათო ჯაჭვი იწყება მინდვრიდან. რადგან ქვეყანაში ფერმერული მეურნეობები განვითარებული არ არის, ჩვენ ვერ ვახერხებთ ნედლეულის და მასალების შესყიდვას, რომ საბოლოო პროდუქტი ვაწარმოოთ. სოფლის მეურნეობაში ერთწლიანი ნარგავების კუთხით დამოკიდებულები ვართ სასუქების იმპორტზე, მათ შორის თესლის იმპორტი სრულად ამერიკიდან და ჰოლანდიიდან ხდება.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანის ნაწილში მნიშვნელოვანი კომპონენტია შრომითი დანახარჯები და საწვავის ხარჯი, შემდეგ წარმოების ეტაპზე გადასვლისას ასევე ვართ დამოკიდებული იმპორტზე - შუშის ქილის ქვეყანაში შესყიდვას ვერ ვახერხებთ, შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, რაც საბოლოოდ ფასზე მოქმედებს.

რადგან კიტრი-პომიდვრის და სხვა პროდუქტების წყლით დამუშავება გვიწევს, ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. უშუალოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში მნიშვნელოვანი მელიორაცია - გვაქვს პრობლემები, რომ ფიზიკურად შეიძლება ვერ გავასარწყაოთ მინდვრები და ძალიან დიდი ზარალი მიგვიღია და ერთდღიანმა წყვეტამ შეიძლება მცენარის განვითარებაზე მოახდინოს გავლენა და მოსავლიანობა ისეთი ვერ იყოს, როგორიც არის კალიფორნიაში ან ჩინეთში. ჩვენი დარგი ხასიათდება სამუშაო კაპიტალის დიდი მოცულობის საჭიროებით - შემოდგომაზე პომიდვრის თესვის დაწყებისას ფულის ხარჯვას ვიწყებთ, შემდეგ რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული, გაზაფხულზე სრულად დაფინანსებული გვაქვს ტარა-მასალები, რაც ჩვენი პროდუქტის თვითღირებულებაში 30-35%-ს შეადგენს, შემდეგ ზაფხულზე მოსავალი რომ მოვა, ამას ერთი წლის განმავლობაში ვყიდით და ფულს როდის მივიღებთ. ყველა ეს კომპონენტი მოქმედებს ფასზე.

ვინაიდან თურქეთსა და ჩინეთში წარმოების მასშტაბები დიდია, ქართული ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული თურქული ტომატით, კიტრის მარინადებით და ჩინური ტომატით. პროდუქტი მხოლოდ ფასი არ არის და ჩვენ ჩვენი ხარისხით და მომხმარებლის ლოიალობით ბაზრის გარკვეული მოცულობა გვიკავია, მაგრამ იმდენი არა, რომ ჩვენ ბაზარზე ფასზე გავლენა მოვახდინოთ. ასევე, თურქეთს აქვს ექსპორტის დაფინანსება და პირობითად 1 კგ ტომატის მიღებას 5-6 კგ პომიდორი სჭირდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაგვიძვირდა დისტრიბუციის ნაწილი. თუ მანამდე გვიჯდებოდა 1 კგ-ის მიტანა 20 თეთრი, ახლა 22-23 თეთრი გვიჯდება, რადგან ჩვენი სამუშაო რეჟიმიც გართულდა. სადაც ჩვენ პროდუქცია მიგვაქვს არ არის მოწყობილი და არ გვხვდება პარკინგის სივრცეები, შესაბამისად, ამას პარკინგის ჯარიმები ემატება. მარნეულის პროდუქციის 85% ქსელურ მარკეტებში იყიდება", - განმარტა გიორგი მუსერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები