ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც კანონმდებლობის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი (ვინაიდან 1 ნოემბერი არასამუშაო დღეა).
საგადასახადო ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს, დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირებისა და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.
ამასთან, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა), თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.
ვის ეკისრება დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება?
შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობათ იმ პირებს, თუ:
- ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და ფლობენ დასაბეგრ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე;
- შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, პირს ან მის ოჯახის წევრს/წევრებს საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი მიწა.
თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს.
ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა ევალება (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით - „RS ჩათი“, ან დაუკავშირდნენ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს ნომერზე: 2 299 299.
























