მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ აირჩევს პრეზიდენტს - როგორ კომპლექტდება 300 ხმოსანი?

პრეზიდენტი

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროზე განაცხადა. პრეზიდენტის არჩევის თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც ამ წუთებში სესიაზე განიხილება, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა. პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

ახალი არჩევნები იქნება პირველი, როდესაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსანი (საარჩევნო კოლეგია) აირჩევს. თავად საარჩევნო კოლეგიაში 150 ადგილი გათვალისწინებულია პარლამენტის ყველა წევრისთვის, ხოლო დანარჩენი 150 წევრი ნაწილდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრისგან და მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებისგან.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში საკუთარი სიების გაუქმებას გეგმავენ, პარლამენტარებისთვის გათვალისწინებული 150 წევრისგან, მხოლოდ 88 დაკომპლექტდება.

300 კაცისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის დაკომპლექტების წესს კანონი ასე განსაზღვრავს:

1. პოლიტიკური პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად.

2. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით: P = A * B / C, სადაც:

ა) P არის უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიისათვის განსაზღვრული კვოტის ოდენობა, რომელიც მიღებული მთელი რიცხვია;

ბ) A არის იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ოდენობა, რომელმაც ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული წესით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო;

გ) B არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი;

დ) C არის ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამი, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღეს.

4. თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მისაღებ კვოტათა ჯამი B-ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში გადაუნაწილებელი კვოტები მიეკუთვნებათ უფლებამოსილ პარტიებს მათი საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

5. პარტიამ მისთვის განკუთვნილი კვოტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრები უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ თბილისის და სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული საკრებულოებიდან, პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა განხორციელების გრაფიკს (ვადებს) და ამ მუხლით განსაზღვრულ კვოტებს არჩევნების დანიშვნის დღისთვის არსებული მდგომარეობით.

7. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.

8. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დასამტკიცებლად:

ა) საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ) ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირი საარჩევნო კოლეგიის წევრად არ ჩაითვლება, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესახებაც პარტიას 2 დღის ვადაში ეცნობება ხარვეზის მითითებით და ეძლევა 3 დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად;

დ) უფლებამოსილ პარტიას უფლება აქვს, შეცვალოს საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი კოლეგიის წევრი მხოლოდ ამ პირის, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია ან თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ან დადგენილ კვოტაზე ნაკლები ოდენობით წარადგინა საარჩევნო კოლეგიის წევრები, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-მდე შესავსებად, ცესკოს გადაწყვეტილებით დადგენილი კვოტები შეიცვლება და გამოუყენებელი ადგილები გადანაწილდება სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

არჩევნების დღე:

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, საქართველოს პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში მიეთითება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს და მათ საარჩევნო კოლეგიის წევრებს გადასცემს, ბეჭდავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას, ლუქავს და ხსნის საარჩევნო ყუთს, ითვლის ხმებს და ადგენს შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

5. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) ის დაუდგენელი ნიმუშისაა;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა;

გ) საარჩევნო კოლეგიის წევრმა ხმა ერთზე მეტ კანდიდატს მისცა;

დ) შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელი წევრის მიერ არის ხმა მიცემული.

7. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.

8. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს ან პირველი ტურის გამართვიდან არაუგვიანეს 7 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს.

9. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

10. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

11. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

12. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

13. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღს შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

14. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.

15. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

16. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების ერთდროულად ან წინა თვეში გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების გამართვისას არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებისა და რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების გამართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადების ნაცვლად ხორციელდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

ცესკოს მიერ არჩევნების შეჯამება

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობა;

გ) არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა სახელები და გვარები;

დ) არჩევნებში მონაწილე თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა;

ე) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საარჩევნო კოლეგიის რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა;

ვ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ზ) მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა ან/და პირველი ან მეორე ტურის შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის ვინაობა.

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი. აღნიშნული ოქმი შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის შესაბამისმა წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებელ დოკუმენტაციას ცესკო ლუქავს და ინახავს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, მეორე − საქართველოს პარლამენტს, ხოლო მესამე ინახება ცესკოში.

6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შესახებ.

7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოს პრეზიდენტის ასარჩევად შემდგარ საარჩევნო კოლეგიას უფლებამოსილება უწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები