მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არ იცის, რომ უკრაინა ქართულ ოპოზიციას მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს? - ბჟანია

ასლანი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ნარატივს იმეორებს და ამბობს, რომ უკრაინის მთავრობას და ქართულ ოპოზიციას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ. ასლან ბჟანიამ ინტერვიუ "აფხაზურ ტელევიზიას" მისცა.

"კიდევ რა უნდა მოხდეს ჩვენ ირგვლივ, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ გავიგოთ, ძალიან მძიმე პირობებში ვართ, რომ სამყარო ძაფზეა ჩამოკიდებული?! აფხაზეთის რომელმა მოქალაქემ, აფხაზეთის საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ არ იცის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა საქართველოში ოპოზიციურ ძალებს გადატრიალების მოწყობისა და მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს. გვყავს ხალხი, ვინც ამის შესახებ არ იცის? ვინ არ იცის, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები? ვინ არ იცის, რომ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, ქალაქების ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების თავდასხმის ქვეშაა? ვის არ ახსოვს, რომ საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს? საქართველო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას ხელს არ აწერს. რომელმა ჩვენგანმა არ იცის, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს და შეეცდება აფხაზეთის დაბრუნებას? მართლა გვყავს ასეთი ხალხი? ასეთი ხალხი არ გვყავს. ეს ყველას მშვენივრად ესმის", - აცხადებს ასლან ბჟანიამ.

ამასთან, ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ აფხაზეთში არიან უცხოური სპეცსამსახურები, რომლებიც საკუთარი მეთოდებით მუშაობენ. მისი თქმით, მათი და სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა.

"აქ [აფხაზეთში] არა მხოლოდ ჩვენი საზოგადო მოღვაწეები მუშაობენ, რომელთა ნაწილი გარკვეულ საკითხებზე ცდება, არამედ უცხოური სპეცსამსახურებიც მუშაობენ. ისინი აქ დიდი ხანია მუშაობენ. ისინი საკუთარი მეთოდებით მუშაობენ. სწორედ, მათ შეძლეს ასეთი ვითარების შექმნა უკრაინაში. ახლა იქ ომი მიმდინარეობს. 2020 წელს ბელარუსს ძალიან სერიოზულად დაესხნენ სპეცსამსახურები და მათი წარმომადგენლები. იქ ყველაფერი ძალაუფლების შეცვლის ზღვარზე იყო. იგივე მეთოდებია აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ზოგიერთ საკითხში არის გარკვეული სინქრონიზაცია ჩვენს საზოგადო მოღვაწეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ბიჭვინთის აგარაკის თემა გახსოვთ, არა? სალომე ზურაბიშვილმა, ჩვენმა ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ჩვენი ოპოზიციის ნაწილმა თქვეს: პუტინს ვერაფერს მისცემენ", - თქვა ბჟანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები