მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არიან გლობალური ჯანდაცვის ინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენლები?

thomas frist

ვიდრე საზოგადოების ყურადღება ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებსა და ხელოვნური ინტელექტის მაგნატებს ეთმობა, მილიარდერთა სრულიად სხვა ჯგუფი უზარმაზარ ეკონომიკურ ძალაუფლებას ხალხისგან შეუმჩნევლად აგროვებს. სწორედ ეს ადამიანები აშენებენ, აფინანსებენ და აკონტროლებენ გლობალურ ჯანდაცვას. ფორბსის მილიარდერთა სიაში ახლა 3 428 ადამიანია, ვისი ქონებაც მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათგან 260-ზე მეტმა სიმდიდრე სწორედ ჯანდაცვის სფეროში დააგროვა - იქნება ეს საავადმყოფოები და ვაქცინები, თუ სპეციალიზებული მედიკამენტები და სამედიცინო ტექნოლოგიები.

ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე მაღალანაზღაურებადი მენეჯერის ისტორია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვა პლანეტაზე სიმდიდრის დაგროვების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ძრავად იქცევა. ჯანდაცვის ინდუსტრიაში კაპიტალი დემოგრაფიული ცვლილებების, ქრონიკული დაავადებების ზრდის, ბიოტექნოლოგიური ინოვაციებისა და სექტორში ჩადებული მრავალმილიარდიანი საჯარო და კერძო ინვესტიციების ფონზე იქმნება - ბაზარზე, სადაც მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და ზრდის პოტენციალი კვლავ დიდი.

ჯანდაცვის სექტორის უმდიდრესი წარმომადგენლები კი ქმნიან რეალურ რუკას იმისა, თუ სად იყრის თავს სამედიცინო ძალაუფლება და გავლენა.

სუნ პიაოიანგი - 12 მილიარდი დოლარი

იგი ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ “ჰენგრუის ფარმაცევტულ კომპანიას” (Jiangsu Hengrui Pharmaceuticals-ს) ხელმძღვანელობს, რომელიც ონკოლოგიურ და ინფექციურ დაავადებებზეა ფოკუსირებული. პაიოიანგის კომპანია გლობალური ფარმაცევტული კორპორაციებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პარტნიორად იქცა.

2024 წლის ზაფხულში მათ უმსხვილესი შეთანხმება გააფორმეს ბრიტანულ GSK-სთან ათობით პრეპარატის ერთობლივად შემუშავებაზე, რომელთა პოტენციური ღირებულებაც 12 მილიარდ დოლარად ფასდება. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს, თუ როგორ გადადის ჩინური ფარმა-ინდუსტრია წარმოებიდან ინოვაციებსა და ინტელექტუალური საკუთრების შექმნაზე, რაც ასევე ხსნის, თუ როგორ იქცა პიაოიანგის ქონება 11-ნიშნა რიცხვად.

ჟონგ ჰუიჯუანი - 17.6 მილიარდი დოლარი

სუნ პიაოიანგის მეუღლემ, ჟონგ ჰუიჯუანმა “ჰანსოს ფარმაცევტული ჯგუფი” (Hansoh Pharmaceutical Group) სიმსივნის, დიაბეტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მსხვილ მწარმოებლად აქცია. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, მან პრიორიტეტი ბრენდირებულ, მაღალმარჟიან მკურნალობის მეთოდებსა და საერთაშორისო ლიცენზირებას მიანიჭა. დღეს ჰუიჯუანის ქონება 17.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ჯგუფის ერთ-ერთი უახლესი მიღწევა 2024 წლის ბოლოს ფარმაცევტულ გიგანტ Merck-თან გაფორმებული შეთანხმებაა, რომელიც ჭარბი ქონის სამკურნალო აბების გლობალურ ბაზარზე გატანას ითვალისწინებს. ჟონგი დღეს ჩინეთის უმდიდრესი ქალია, რომელმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვა, და თავის მეუღლესთან ერთად, ქვეყნის "ფარმაცევტული ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან წყვილს" წარმოადგენს.

დილიპ შანგვი - 26.2 მილიარდი დოლარი

მესამე ადგილზეა დილიპ შანგვი, რომლის ისტორიაც 1983 წელს მამისგან ნასესხები 200 დოლარით დაიწყო, რითაც მან ინდოეთში ჯენერიკების პატარა კომპანია - Sun Pharmaceutical Industries დააფუძნა. ოთხი ათწლეულის შემდეგ, ეს კომპანია ათეულობით მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის მქონე გიგანტია, რომელიც მზა მედიკამენტებსა და აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს მთელი მსოფლიოსთვის აწარმოებს. კომპანია „გასცდა სტანდარტული ჯენერიკების წარმოებას, გადაერთო სტრატეგიულ შესყიდვებზე და განსაკუთრებული აქცენტი დერმატოლოგიურ და სპეციალიზებულ თერაპიებზე გააკეთა. შანგვის პერსონალური ქონება, რომელიც 26 მილიარდს აღემატება, კარგად ასახავს ინდოეთის, როგორც გლობალური ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის აღზევებას.

საირუს პუნავალა - 27.1 მილიარდი დოლარი

იმავეს ასახავს საირუს პუნავალას ისტორიაც, რომელმაც 1966 წელს "ინდოეთის შრატის ინსტიტუტი" (Serum Institute of India) დააფუძნა და ოჯახის ფერმის ნაწილი მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე მსხვილ მწარმოებლად აქცია. დღეს კომპანია წელიწადში ვაქცინის დაახლოებით 1.5 მილიარდ დოზას აწარმოებს და პოლიომიელიტის, გრიპის, წითელასა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებით 170-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს.

კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ინსტიტუტი მსოფლიოსთვის ნამდვილ მაშველ რგოლად იქცა, ხელმისაწვდომი ვაქცინების სწრაფმა წარმოებამ კი პუნავალა გლობალურ ჯანდაცვაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად დაამკვიდრა. მისი 27-მილიარდიანი ქონება, მართალია, ფინანსურ სერვისებსა და სხვა ბიზნესებსაც მოიცავს, მაგრამ ნათელია, რომ ვაქცინაცია დღეს უძლიერესი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური აქტივია.

თომას ფრისტი - 41.3 მილიარდი დოლარი

სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა ქირურგმა, თომას ფრისტ უმცროსმა, 1968 წელს მამასთან ერთად დააფუძნა კომპანია HCA Healthcare და რეგიონული წამოწყება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომერციულ ჰოსპიტალურ ქსელად აქცია. დღეს HCA 190-მდე საავადმყოფოსა და ათასობით სხვა სამედიცინო ობიექტს მართავს - სასწრაფო დახმარების ცენტრებს, ამბულატორიულ კლინიკებსა და ექიმთა კაბინეტებს - ამერიკის 20 შტატსა და დიდ ბრიტანეთში. მისი ოჯახი კომპანიის აქციების მეოთხედზე მეტს (დაახლოებით 70 მილიონ აქციას) საინვესტიციო ფონდების მეშვეობით კვლავ თავად ფლობს.

HCA-ს მასშტაბები პირდაპირ აისახება ფინანსურ ძლიერებაზე. 2023 წელს კომპანიამ დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2025 წელს კი ამ მაჩვენებელმა 75 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგებამ 6.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ფინანსური შედეგები ფრისტს გლობალურ ჯანდაცვაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად და მსოფლიოს უმდიდრეს ექიმად აქცევს. მის ქონებას ფორბსი 41.3 მილიარდ დოლარად აფასებს.

ეს მილიარდერები და მათი ისტორიები ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯანდაცვა უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ სოციალური სერვისი - ის გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური საყრდენია. ტექნოლოგიური გიგანტების ჩრდილში მოქცეული ეს ინდუსტრია კოლოსალურ ფინანსებს აგენერირებს. მედიცინის მომავალი, სამედიცინო ინოვაციები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების ხელმისაწვდომობა, სწორედ იმ ადამიანების ხელშია, ვინც კულისებიდან მართავს ამ გლობალურ, მრავალმილიარდიან იმპერიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები