ირანთან 100-ზე მეტი ქვეყანა ვაჭრობს. მათ შორის ჩინეთი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. Trade Data Monitor-ის მონაცემებით, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის სტატისტიკას ეფუძნება, 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ჩინეთს ირანისგან 14 მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქცია აქვს ნაყიდი.
ჩინეთს მოსდევს ერაყი, რომელმაც მეზობლისგან 10.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი მიიღო. ირანის პროდუქციის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის არიან ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროები და თურქეთი. ირანიდან თურქეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გასულ წელს 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს 4.7 მილიარდი დოლარი იყო.
ირანის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები (2025 წელი)
წყარო: Trade Data Monitor, BBC
- ჩინეთი - $14.5 მლრდ
- ერაყი - $10.5 მლრდ
- UAE - $7.5 მლრდ
- თურქეთი - $7.3 მლრდ
- ავღანეთი - $2.5 მლრდ
- პაკისტანი - $2.4 მლრდ
- ომანი - $1.8 მლრდ
- ინდოეთი - $1.7 მლრდ
- რუსეთი - $1.2 მლრდ
- თურქმენეთი - $0.7 მლრდ
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნები ამერიკასთან ვაჭრობაზე 25%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან.
ახალი სანქციების მთავარი ადრესატი უდავოდ ჩინეთია, რომელიც წლებია ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ენერგეტიკული გარანტის როლს ასრულებს. 2025 წლისთვის ირანის მიერ ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტი სწორედ ჩინეთმა შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი თეირანს არსებობისთვის აუცილებელ ვალუტას აწვდიდა. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთი ირანის იმპორტის თითქმის 29%-ს აკონტროლებს და თეირანს აწვდის ყველაფერს დაწყებული მძიმე ტექნიკიდან და ელექტრონიკიდან, სატრანსპორტო საშუალებებით დამთავრებული.
ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდ დარტყმას თურქეთი და ინდოეთი მიიღებენ. თურქეთი ირანისთვის ერთგვარი ფანჯარაა დასავლურ საქონელზე, ხოლო ანკარასთვის ირანული ენერგორესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აშშ-ის ბაზარი VS ირანთან ბიზნესურთიერთობა - ვის ემუქრება ტრამპის 25%-იანი ტარიფი?
რაც შეეხება ირანისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს, 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია.




























