საქართველოს საფინანსო სექტორს ახალი კომერციული ბანკი შეემატა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განკარგულების შესაბამისად, სს „ნეო ქართულ ჯგუფს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა. შედეგად, საქართველოში საბანკო ლიცენზიის მქონე სუბიექტების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
საჯარო რეესტრისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ახლადლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტის განთავსებული კაპიტალი 61.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ფულადი სახით არის შევსებული და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს. კომპანიის მიერ გამოშვებულია 100,000 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 613 ლარის ნომინალური ღირებულებით.
სს „ნეო ქართული ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი მშობელი კომპანია სს „ქართული პირველი ციფრული ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მესაკუთრე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე იურის ლეონენკოა. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ბანკის დამფუძნებელი და 100%-ის მფლობელი, იურის ლეონენკო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომპანიაში იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოებში თანამდებობებს, კერძოდ კი 2018 წლიდან არის კომპანია "ასკანგელ ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მისი უმსხვილესი აქციონერი, ასევე 2019-2023 წლებში იყო კომპანია "რუსთავოილის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2016-2018 წლებში იყო ბალტიის საერთაშორისო ბანკის უფროსი კორპორატიული ბანკირი, 2011-2015 წლებში კი VTB-ის საკუთრებაში არსებული, კვიპროსის RCB Bank-ში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, სს "ნეო ქართული ჯგუფი" 2025 წლის სექტემბერში დაფუძნდა, მისი 100%-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "ქართული პირველი ციფრული ჯგუფი" კი 2025 წლის აპრილში. ჯგუფი ამ დრომდე საბანკო ლიცენზიის განაცხადზე დასტურის მიღებას ელოდა, ლიცენზიის მიღების შემდეგ კი უკვე შეეძლება საბანკო საქმიანობის დაწყება.
ახალი ბანკის მმართველი გუნდი და მენეჯმენტი უკვე დაკომპლექტებულია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იურის ლეონენკო იკავებს, ხოლო მისი მოადგილე გრიგორი მორჩილაძეა, რომელიც ამავდროულად ფორსაით ინვესტმენტ გრუპის დამფუძნებელი, ასევე საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეა. სამეთვალყურეო საბჭოს მესამე წევრია თამარ ტყეშელაშვილი, რომელიც 2021-2024 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, 2025 წლიდან კი საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრია. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორატის შემადგენლობას, გენერალური დირექტორის პოსტზე კახაბერ კოდუა დაინიშნა, რომელიც სხვადასხვა წლების განმავლობაში VTB Bank-ში საქმიანობდა, ფინანსური დირექტორის თანამდებობას თეონა გიორგობიანი იკავებს, ხოლო რისკების მართვის მიმართულებას ლაშა მაზანაშვილი უხელმძღვანელებს.
BMG დაუკავშირდა ბანკის გენერალურ დირექტორს, კახაბერ კოდუას, რომელიც აღნიშნავს რომ საბანკო ლიცენზიის მიღების და ბანკის სტრატეგიის შესახებ უახლოეს მომავალში გააკეთებენ განცხადებას.
დამტკიცებული წესდების მიხედვით, „ნეო ქართული ჯგუფი“ ბაზარზე სრულფასოვანი საბანკო და საფინანსო მომსახურებით წარდგება. ბანკი განახორციელებს დეპოზიტების მოზიდვას, სამომხმარებლო, იპოთეკური და კომერციულ დაკრედიტებას, საგადახდო ბარათების გამოშვებასა და ონლაინ ანგარიშსწორებას. გარდა სტანდარტული საბანკო პროდუქტებისა, ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისად, ინსტიტუტი გეგმავს ვირტუალური აქტივების (კრიპტოაქტივების) კონვერტაციას, გადაცემასა და შენახვასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებასაც.
























