მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან უცხოელი ეკონომისტები, რომლებიც პრემიერის თქმით, პოსტ-კრიზისულ გეგმაზე მუშაობენ

5ee09a80e51a0
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.20 14:12
3170
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის პოს-ტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე დიდი ოთხეულის წევრი Deloitt-ის კონსულტანტები მუშაობენ.

„ეს არის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგადაა ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და მაქსიმალურად ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პოსტ-კრიზისული გეგმის პირველი სამუშაო ვარიანტი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გახდება საჯარო. 

ვინ დაიქირავა უცხოელი ექსპერტები საქართველოსთვის და რა ჯდება მათი მომსახურება, ჯერჯერობით, საჯარო არაა. 

რამდენიმე დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში მოწვეულ ექსპერტებთან Zoom-ის შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრიდან გაირკვა, რომ ეკონომისტები, რომლებიც საქართველოსთვის გეგმის შემუშავებაზე მუშაობენ, არიან:

ჰა ჯუნ ჩანგი (장하준) სამხრეთ კორეელი ეკონომისტი, რომელიც განვითარების ეკონომიკის დარგის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის მიმართულების კურსის ხელმძღვანელია. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, ის სხვადასხვა წლებში  გაეროს განვითარების სააგენტოს მოწვეული ექსპერტი იყო აფრიკის განვითარების, ასევე, სამხრეთ აღმოსავლეთ-აზიის მიმართულებით; იყო ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და სხვა ორგანიზაციების მრჩეველი.

ბიოგრაფიაში, ასევე, მითითებული აქვს, რომ სხვადასხვა დროს იყო ვენესუელას, ყაზახეთის, მალაიზიის, იაპონიის, მალაიზიის, მექსიკის, საუდის არაბეთის მთავრობის მრჩეველი. კერძო კომპანიების მიმართულებით კი, კონსულტაციებს უწევდა Shell-ს, Hyundai-ს, Samsung-სა და სხვა კომპანიებს.

2013 წელს ჩანგი ჟურნალმა Prospect-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო მოაზროვნეს შორის დაასახელა. 

ჯონათან დი ჯონი განვითარების ეკონომიკის დარგში ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორია. ბიოგრაფიის მიხედვით, ის ძირითადად სამხრეთ ამერიკის შესახებ ფოკუსირდება. მათ შორის, ვენესუელას, ბრაზილიის, კოლუმბიის და სხვა ქვეყნების შესახებ.

ჯონათან ჯი ჯონი გაეროს განვითარების ორგანიზაციის (UNDP), ასევე მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოწვეული ექსპერტია.

კრისტოფერ კრამერი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორია, ისიც განვითარების ეკონომიკის დარგზე ფოკუსირდება. ბიოგრაფიის მიხედვით, კრისტოფერ კრამერი ძირითადად აფრიკის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობს. ის არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების ორგანიზაციის, გაეროს სურსათის ორგანიზაციის, ევროკომიის, მსოფლიო ბანკისა და ეთიოპიის განვითარების ბანკის მოწვეული კონსულტანტი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული Zoom შეხვედრა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები