მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან ყაზახეთის ახალი ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი?

კარინი

ყაზახეთის ახლად შექმნილმა ერთპალატიანმა პარლამენტმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად ერლან კარინი აირჩია; პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი ოლჟას ბექტენოვის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ორივე საკადრო გადაწყვეტილება ყურულთაის პირველივე სხდომაზე მიიღეს. როგორც ირკვევა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციები 31 აგვისტოს გამართა და დეპუტატებს დასამტკიცებლად სწორედ აღნიშნული კანდიდატურები წარუდგინა.

კენჭისყრის შედეგად, ერლან კარინის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას ყურულთაის 145 წევრიდან 141-მა დაუჭირა მხარი. ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტს ეკრძალება იყოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი ან ეკუთვნოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ხოლო სახელმწიფო მეთაურის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

რაც შეეხება მთავრობის მეთაურს, ოლჟას ბექტენოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას მხარი 137-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ ერლან კარინს საჯარო მმართველობის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან კარიერა აკადემიურ სფეროში დაიწყო, მოგვიანებით კი ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. კარინი სხვადასხვა დროს იკავებდა პრეზიდენტის თანაშემწის, სახელმწიფო მდივნისა და სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობებს, სადაც შიდა პოლიტიკის სტრატეგიასა და საკონსტიტუციო რეფორმების პაკეტს ხელმძღვანელობდა. უშუალოდ ვიცე-პრეზიდენტად არჩევამდე, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

რაც შეეხება ოლჟას ბექტენოვს, ის ყაზახეთის მთავრობას 2024 წლიდან უდგას სათავეში. პროფესიით იურისტი ბექტენოვი საჯარო სამსახურში 2002 წლიდან საქმიანობს. სხვადასხვა დროს ის იუსტიციის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის აპარატში მუშაობდა, მოგვიანებით კი ანტიკორუფციულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა. 2023-2024 წლებში ბექტენოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეჭირა, საიდანაც 2024 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები