ოლიმპიური თამაშები ყოველთვის ახალ გმირებს წარმოშობს და გამონაკლისი არც პარიზული ღონისძიება იქნება. მედლის მოგება ახალ შესაძლებლობებს აჩენს და სპორტსმენის პრესტიჟს მნიშვნელოვნად ამაღლებს, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსურ ჭრილში არ კონვერტირდება.
ისეთ პოპულარულ ოლიმპიურ სპორტის სახეობებში, როგორებიც ტანვარჯიში, ცურვა და მძლეოსნობაა ღონისძიების ფარგლებში ძალიან მცირე თანხას იხდიან.
უშუალოდ აშშ-ს მაგალითზე, რომ ვთქვათ ისინი მედალოსნებს თავიანთი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ძალიან მცირე რაოდენობით თანხას უხდიან: 37,5 ათას დოლარს ოქროს მედალოსნებს, 22,5 ათას დოლარს ვიცე-ჩემპიონს, ხოლო 15 ათასს ბრინჯაოს პრიზიორებს.
ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა შეადგინა მიმდინარე ზაფხულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი, რომელიც სპორტის სახეობების მიხედვით დაყო. სიაში დომინანტები არიან გოლფერები, ჩოგბურთელები და NBA-ის კალათბურთელები, რომელთაც მრავალ წლიანი მულტიმილიონიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ამას გარდა სასპონსორო შემოსავლებით დამატებით მილიონებს გამოიმუშავებენ.
პარიზის თამაშებზე არსებული 6 ყველაზე შემოსავლიანი სპორტის სახეობიდან გამოცემამ სულ რამდენიმე სპორტსმენი გამოარჩია.
NBA-ის მოთამაშეები მიმდინარე ღონისძიებაზე მსოფლიოს 50 ყველაზე შემოსავლიან ათლეტებს შორის არიან, აქედან მხოლოდ ამერიკის შემადგენლობიდან 7 ასეთ მოთამაშეს ვხვდებით. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან პარიზში წასული მოთამაშეების საშუალო ხელფასი 16,2 მილიონი დოლარია, თუმცა მათ შორის გამოსარჩევი ლებრონ ჯეიმსია, რომელიც პირველი მილიარდერი სპორტსმენი გახდა ვინც ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ჯეიმსის წლიური შემოსავალი დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, რითაც ყველა სხვა ოლიმპიელს აღემატება.
ქალ ათლეტებს შორის პირველ ადგილს 25,2 მილიონი დოლარით პოლონელი იგა შვიონტეკი იკავებს, რომელიც 23 წლის ასაკში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია და ფინანსური შემოსავლების მიხედვით ყველა დროის ჩათვლაში მეცხრე ადგილს იკავებს. მისი სპონსორების ჩამონათვალში შეხვდებით: Rolex-ს, Visa-ს, Porsche-ს და ON-ს.
სიაში მოხვდა კარლოს ალკარასიც, რომელმაც წელს უპრესტიჟულეს უიმბლდონის ტურნირზე ტიტული დაიცვა და ამასთან საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულიც გახდა. გრანდ სლემზე მოგებული ბონუსები, ნაიკთან და ლუი ვიტონთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომ გავითვალისწინოთ ალკარასის წლიურმა ანაზღაურებამ 45 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მამაკაც ჩოგბურთელებს შორის უმაღლესი მაჩვენებელია.
რაც შეეხება გოლფს ჯონ რამის კანდიდატურა უკონკურენტოა. საუდის არაბეთის LIV Golf-ის ორგანიზაცია მას წლიურად 175 მილიონ დოლარს უხდის, რაც გოლფის სამყაროში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, Forbes-მა სია შეადგინა 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით და ფინანსური მაჩვენებლები აღნიშნული დროის მიხედვითაა აღებული.