მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელიც ნიუ-იორკის მერი გახდა

ზოჰრან მამდანი

ზოჰრან მამდანმა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და ქალაქის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა. მამდანი, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტად მოიხსენიებს, ამომრჩევლებს ცხოვრების ხარჯების, განსაკუთრებით კი მაღალი ქირის შემცირებას ჰპირდება.

მისი მხარდამჭერები მას „მუშათა კლასის გმირად“ მოიხსენიებენ და იმედოვნებენ, რომ ახალი მერი სოციალური სამართლიანობისა და ხელმისაწვდომობის პოლიტიკას გაატარებს.

ვინ არის ზოჰრან მამდანი?

მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ზოჰრან კვამე მამდანი დაიბადა კამპალაში, უგანდაში, და შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა ნიუ-იორკში. ის ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემის კურსდამთავრებულია, სწავლობდა ბრონქსის სამეცნიერო უმაღლეს სკოლაში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი აფრიკული კვლევების მიმართულებით ბოუდინის კოლეჯში. 2018 წელს მამდანი გახდა ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე.

პოლიტიკაში ჩართვამდე ის მუშაობდა იპოთეკური სესხის დაკარგვის თავიდან აცილების კონსულტანტად, სადაც ეხმარებოდა დაბალშემოსავლიან ფერადკანიან ოჯახებს ქუინსის მასშტაბით, რათა მათ თავიდან აეცილებინათ გამოსახლება და შეენარჩუნებინათ თავიანთი საცხოვრებელი. მამდანი წერს, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ უბიძგა საჯარო სამსახურისკენ, როგორც თავად ამბობს, ბანკებთან ყოველდღიურმა მოლაპარაკებებმა დააფიქრა იმაზე, რომ საცხოვრებელი კრიზისი ბუნებრივი მდგომარეობა კი არა, ეკონომიკური და პოლიტიკური არჩევანია.

მამდანის განცხადებით, აღნიშნული კრიზისი ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული პროკორპორაციული პოლიტიკის შედეგია, თუმცა ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა შეცვალოს.

ბიოგრაფიაში წერია, რომ ის იყო თავისი სკოლის პირველი კრიკეტის გუნდის თანადამფუძნებელი. მოგვიანებით კოლეჯში შექმნა ორგანიზაცია Students for Justice in Palestine, ხოლო შემდგომში ჩაერთო სხვადასხვა მოძრაობაში, რომლებიც იბრძოდნენ არჩევნების დემოკრატიზაციისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის.

"მდგომარეობამ, როცა ასტორიას მაცხოვრებელთა თითქმის მეოთხედი შემოსავლის ნახევარს ქირაში ხარჯავს და ყველაზე დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს მთელ ქუინსში, მამდანის პოლიტიკური დღის წესრიგი მკაფიოდ განსაზღვრა: მისი მიზანია ისეთი მომავლის შექმნა, სადაც ღირსეული ცხოვრება ყველა ნიუ-იორკელისთვის ხელმისაწვდომი იქნება, და არა მხოლოდ პრივილეგირებულთათვის".

ის ამაყობს, რომ არის პირველი სამხრეთ აზიელი მამაკაცი, პირველი უგანდელი და მხოლოდ მესამე მუსლიმი, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის წევრი გახდა.

როგორც თავად აღნიშნავს, მისი მისიაა გააძლიეროს ის ხმები, რომლებიც ხშირად ვერ ისმის, განსაკუთრებით იმ თემების, რომლებიც ისტორიულად არ მონაწილეობდნენ შტატის პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ნიუ იორკის გარდა, 4 ნოემბერს არჩევნები ჩატარდა ნიუ ჯერსიში, ვირჯინიასა და კალიფორნიაში. ნიუ ჯერსისა და ვირჯინიაში დემოკრატმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო კალიფორნიაში ხმების დათვლა კვლავ გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები