კვირას, ავსტრალიაში, სიდნეის ბონდი-ბიჩზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა თვითმხილველმა თავდამსხმელის განიარაღება შეძლო.
მამაკაცს, რომელიც ხილის მაღაზიის მფლობელი, 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედი აღმოჩნდა, სოციალურ ქსელებში გმირად მოიხსენიებენ.
სამშაბათს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ ალ-აჰმედის საქციელი "ავსტრალიელების ერთიანობის" მაგალითია.
"ალ ჯაზირამ" თავდასხმისა და ალ-აჰმედის შესახებ ინფორმაციას ერთად მოუყარა თავი.
რა მოხდა ბონდი-ბიჩზე?
ებრაული დღესასწაულის, ხანუქას აღნიშვნისას, ორმა მამაკაცმა ბონდი-ბიჩზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 42 - დაიჭრა. პოლიციამ ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა: ისინი 50 წლის მამაკაცი და მისი 24 წლის ვაჟი არიან. თავდასხმის დროს მამა პოლიციამ ადგილზე მოკლა.
ხელისუფლება მომხდარს ანტისემიტურ ტერორისტულ აქტად აფასებს.
ვინ არის აჰმედ ალ-აჰმედი?
ორშაბათს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ 43 წლის ალ-აჰმედი სიდნეის ერთ-ერთ რაიონში ხილის მაღაზიას ფლობს.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ართმევს იარაღს ალ-აჰმედი ერთ-ერთ თავდამსხმელს: ის ბოროტმოქმედს ზურგიდან ეპარება, აკავებს და აიარაღებს.
ადგილობრივმა მედიამ დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს ალ-აჰმედს ორი ტყვია მოხვდა.
იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა უტარდება. ოთხშაბათს ალ-აჰმედს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება.
პლატფორმა GoFundMe-ზე ალ-აჰმედის დასახმარებლად 218,000 დოლარზე მეტი შეგროვდა. ყველაზე დიდი კონტრიბუცია ამერიკელმა მილიარდერმა, ბილ აქმანმა გაიღო, რომელმაც 66,000 დოლარი გადარიცხა და ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზეც გააზიარა.
GoFundMe-მ სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გაავრცელა: "ბონდი-ბიჩზე ჩადენილი გმირული საქციელის შემდეგ, აჰმედ ალ-აჰმედის მიმართ უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვხედავთ. ჩვენ უშუალოდ ვთანამშრომლობთ ინიციატივის ორგანიზატორებთან, რათა უზრუნველვყოთ თანხის აჰმედისა და მისი ოჯახისთვის უსაფრთხოდ გადაცემა. ვერიფიკაციის პროცესის დასრულებამდე და უშუალო გადარიცხვამდე, მთელი თანხა ჩვენს საგადახდო სისტემებში უსაფრთხოდ შეინახება".




























