მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ამერიკელი ინვესტორი, რომელსაც Nord Stream 2-ის შეძენა სურს?

Nord Stream 2

ამერიკელმა ინვესტორმა, სტივენ ლინჩმა აშშ-ის მთავრობას Nord Stream 2-ის გაზსადენის შეძენის ნებართვის მისაღებად მიმართა, თუკი ის აუქციონის პრინციპით გაიყიდება.

ლინჩის თქმით, გაზსადენის ამერიკულ საკუთრებაში გადასვლა მნიშვნელოვნად გააძლიერებდა აშშ-ის გეოპოლიტიკურ პოზიციებს რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში და თან ეს ნაბიჯი თანხვედრაში იქნება დასავლეთის მიდგომასთან, რომელიც სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაციონალიზაციას გულისხმობს.

„საკითხი ასე დგას: ეს უნიკალური შანსია ამერიკელებისა და ევროპელებისთვის, რათა მიიღონ კონტროლი ევროპის ენერგომომარაგებაზე და თავი დაიცვან რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხისგან“, - განაცხადა ლინჩმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

Nord Stream 2-ის ოპერატორი რუსული Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება $11 მილიარდს შეადგენს, თუმცა ქონების აუქციონზე გამოტანის შემთხვევაში, შესაძლოა, ფასი განსხვავებული იქნეს.

გამოვა თუ არა მსგავსი მასშტაბის გაზსადენი საჯარო აუქციონზე, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მისი შეძენის მიმართ ინტერესი არსებობს. თავად Nord Stream 2-ის გასხვისება მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან ის სანქცირებული კომპანიის კონტროლქვეშაა და თან მის მფლობელობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ Nord Stream 1-ით რუსული გაზი გერმანიას მიეწოდებოდა, Nord Stream 2 არასდროს შესულა ექსპლუატაციაში, რადგან უკრაინის ომის გამო, მისი ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

უშუალოდ დაინტერესებულ ინვესტორს რაც შეეხება, სტივენ ლინჩი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობს. ის სპეციალიზებულია პრობლემური აქტივების შეძენასა და მართვაში, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფაში სპეციალური სიტუაციებისა და კორპორაციული დავების დროს.

ლინჩი არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის, Monte Valle Partners-ის დამფუძნებელი პარტნიორი. 2022 წელს მან შეიძინა შვეიცარიაში მდებარე Sberbank-ის შვილობილი ბანკი, რომელიც ახლა TradeXBank AG-ის სახელით არის ცნობილი. ლინჩის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროდ არ მოიძებნება, თუმცა ფაქტია, რომ ის მულტიმილიარდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები