მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის აშშ-ის მომავალი ხაზინადარი სკოტ ბესენტი?

დონალდ ტრამპი / სკოტ ბესენტი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამთავრობო კაბინეტის ფორმირებას აგრძელებს. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელის თანამდებობა ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი როლია, რომლის შევსება არჩეულმა პრეზიდენტმა საკმაოდ მალე მოახერხა. დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, აშშ-ის ხაზინა Goldman Sachs-ის ყოფილმა აღმასრულებელმა, სტივენ მნუხინმა ჩაიბარა და, როგორც ჩანს, ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კვლავაც ბანკირს ვიხილავთ, რადგან ქვეყნის საუკეთესო ხაზინადარად დონალდ ტრამპს უოლ-სტრიტზე მუშაობის გამოცდილების მქონე მდიდარი ადამიანი ესახება.

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის შემდეგი თავმჯდომარე ამერიკული ჰეჯფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელი, სკოტ ბესენტი იქნება. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, სკოტ ბესენტი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ინვესტორი და გეოპოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებით ავტორიტეტული და გავლენიანი სტრატეგია, რომლის დახმარებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებული შტატების აღორძინებას დაუდებს სათავეს. მისივე თქმით, სკოტ ბესენტის პირადი ისტორია ამერიკული ოცნების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

“სკოტ ბესენტი ამერიკაცენტრულობის დღის წესრიგის დიდი ხნის მხარდამჭერია. ჩვენი დიდი ქვეყნის დაფუძნებიდან 250-ე წლისთავის წინ, სკოტ ბესენტი შეერთებულ შტატებში ოქროს ხანის აღორძინებაში დამეხმარება. ამ დროს ქვეყანა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, ინოვაციების და მეწარმეობის ჰაბის და კაპიტალის მიზიდულობის ცენტრის სტატუსს გაიმყარებს, ხოლო ამერიკული დოლარი უდავოდ მსოფლიო სარეზერვო ვალუტად დარჩება. განსხვავებით წინა ადმინისტრაციებისგან, უზრუნველვყოფთ, რომ ამ სამომავლო უდიდეს ეკონომიკური ბუმს არცერთი ამერიკელი არ ჩამორჩება. ამ საქმეს, სკოტ ბესენტი ჩემთვის და ამერიკის შეერთებული შტატების დიადი მოსახლეობისთვის გაუძღვება.

ჩემი ადმინისტრაცია კაპიტალის ბაზრებს მეტ თავისუფლებას, სიძლიერეს, გამძლეობას და ეფექტიანობას შემატებს. კერძო სექტორს გავაძლიერებთ და სახელმწიფო ვალის ზრდის არამდგრად ზრდას შევაჩერებთ. სკოტ ბესენტი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ამერიკული ბიზნესის და ამერიკული ინდუსტრიის დიდი დამცველია, ჩემს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს, რომლებიც გაზრდის აშშ-ის კონკურენტუნარიანობას, შეაჩერებს უსამართლო სავაჭრო დისბალანსს და შექმნის ეკონომიკას, რომელიც პირველ რიგში ზრდაზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებით გლობალური ენერგეტიკული დომინანტობის გზით. ერთად, ამერიკას კვლავ მდიდარ, აყვავებულ, ხელმისაწვდომ და, რაც მთავარია, დიად სახელმწიფოდ ვაქცევთ!”, - ვკითხულობთ დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც მილიარდერმა Truth Social-ში გამოაქვეყნა.

როგორც დასაწყისში გითხარით, აშშ-ის ხაზინადარის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატად მილიარდერ დონალდ ტრამპს უოლ-სტრიტზე მუშაობის გამოცდილების მქონე მდიდარი ადამიანი ესახება, რომელიც გადაწყვეტილებებს გამოცდილების და პირადი კავშირების საფუძველზე მიიღებს და არა ბიუროკრატიული ლოგიკით, რომელსაც დონალდ ტრამპი ასე ძალიან ეწინააღმდეგება. ამ კრიტერიუმებს, სკოტ ბესენტი მშვენივრად ერგება. სამოცდაორი წლის ბესენტი 35-წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერია, რომლის ქონების შეფასება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს. მისი ქონების უდიდესი ნაწილი Key Square Group-ზე მოდის, რომელიც რამდენიმე მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და გამომცემლობა.

თავის დროზე, სკოტ ბესენტი უნგრელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის გარემოცვის ახლო წევრი იყო, ხოლო თავად მილიარდერი Key Square Group-ის დიდი აქციონერია. თუმცა სკოტ ბესენტის კარიერაზე ჯორჯ სოროსის გავლენა მხოლოდ ამ კომპანიაში პარტნიორობით არ შემოიფარგლება. როგორც ცნობილია, სკოტ ბესენტი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელთაც ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-ის სახელით ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, რითაც ფონდმა $1-მილიარდიანი მოგება დააფიქსირა. ასეთივე გარიგება შედგა 2013 წელს, როცა სკოტ ბესენტმა იაპონური იენის წინააღმდეგ გაილაშქრა.

აქვე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჯანეტ იელენი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელმძღვანელობს. ჯანეტ იელენი ცნობილი ამერიკელი ეკონომისტია, რომელსაც უმაღლესი ფინანსური თანამდებობები დაუკავებია, მათ შორის იყო აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე. ქვეყნის ხაზინადარის თანამდებობაზე ჯანეტ იელენს რთული პერიოდი შეხვდა, რომელიც პანდემიის შემდეგ ქვეყნის აღორძინების და პანდემიით დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერის მანდატებს ითვალისწინებდა. ამ დროს, ჯანეტ იელენმა დიდი როლი ითამაშა, როგორც გლობალურმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, რადგან აშშ-ის ფინანსურ სანქციებს, სწორედ ქვეყნის ხაზინა განაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები