მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი - კემი ბადენოკი?

კემი ბადენოკი

ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს, რომელიც 44 წლის პოლიტიკოსი კემი ბადენოკია. ის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც ქვეყნის უძველეს პარტიას ჩაუდგება სათავეში.

ბადენოკმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ჩაანაცვლა, რომლის კაბინეტში ის წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრი იყო. ასევე, ბადენოკი იკავებდა თანასწორუფლებიანობის მინისტრის პოსტს.

როგორც 44 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, ის კონსერვატიულ პარტიას ძველ დიდებას დაუბრუნებს. მოგეხსენებათ, სუნაკის ხელმძღვანელობის პერიოდში კონსერვატიულმა პარტიამ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა და ხელისუფლება დაკარგა, რის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობა ლეიბორისტებმა გადაიბარეს.

როგორც ჩანს, კონსერვატიული პარტია ამჯერად ფსონს სწორედ ბადენოკზე დებს, რომელიც პრემიერობის ახალი კანდიდატი იქნება.

უშუალოდ ბადენოკის სწავლა-განათლებას რაც შეეხება, წარმოშობით ნიგერიელმა სტუდენტმა პირველად კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია სასექსის უნივერსიტეტში, თუმცა მოგვიანებით მან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და სწორედ ეს მიმართულება გააგრძელა კარიერულად.

2015 წელს ის ლონდონის ასამბლეაში აირჩიეს, მისი პოლიტიკური აღზევება კი ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო, როდესაც მან ასამბლეიდან სამთავრობო გუნდში გადაინაცვლა.

როგორც ცნობილია, ბადენოკი მარგარეტ ტეტჩერის იდეებს იზიარებს და თავს ვოუქ-კულტურის მოწინააღმდეგე მიიჩნევს. როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერს შეეფერება, ის გადასახადების შემცირების პოლიტიკას და დერეგულაციის სტრატეგიას ემხრობა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები