მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის და რა ქონებას ფლობს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი?

ნინო გალუსტაშვილი

ბოლო დროის გახმაურებული საქმეების მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი 2024 წლის დეკემბერში თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გააწესეს. მან ფიცი 2024 წლის 28 დეკემბერს დადო.

ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის არის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გიორგი ტერიშვილის, გურამი მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ვაშაძის და სხვა საქმეების მოსამართლე.

დევიძის სასამართლოს შემდეგ, ამერიკელმა კონგრესმენმა, კო ვილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოსამართლე "ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეები სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ".

გთავაზობთ ინფორმაციას მისი განათლების, გამოცდილების და საჯაროდ ხელმისაწვდომი ქონების შესახებ.

განათლება

2010 წელს დაამთავრა ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხრანის პირველი საჯარო სკოლა

2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

2017 წელს დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა

2023 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში

2016-2017 წლებში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივანი

2018-2020 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში

2020-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში

2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

ქონება

გალუსტაშვილის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ, გასული წლის 22 ნოემბერს ჩაბარებული დეკლარაციით, მის საკუთრებაში იყო MERCEDES-BENZ GLS 53 AMG, 2019, რომელიც მამისგან საჩუქრად მიიღო. მის სახელზე სხვა ქონება არ ფიქსირდება.

სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 1 814 ლარამდე ჰქონდა.

ნინო გალუსტაშვილმა 2023 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელის პოზიციაზე 11 400 ლარი მიიღო, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე - 12 542 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები