გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნჰემმა ხელოვნური ინტელექტის მინისტრის პოსტზე ინდური წარმოშობის ლეიბორისტი დეპუტატი, კანიშკა ნარაიანი დანიშნა.
საყურადღებოა, რომ მისი დაწინაურების პარალელურად მთავრობის მეთაურმა ტექნოლოგიების საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირების დიდი ნაწილი თანამდებობიდან გადააყენა. Bloomberg-ის ცნობით, პოსტები ტექნოლოგიების მდივანმა ლიზ კენდალმა, ასევე დარენ ჯონსმა, რეიჩელ რივსმა და პიტერ კაილმა დაკარგეს.
თავად კანიშკა ნარაიანი ბრიტანეთის პარლამენტში 2024 წლის არჩევნების შედეგად მოხვდა. მან გლამორგანის ველის ოლქში გაიმარჯვა და უელსიდან არჩეული ეთნიკური უმცირესობის პირველი წარმომადგენელი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე იგი დევიდ კამერონის გუნდშიც კი მუშაობდა. ასევე აქვს გარემოს დაცვის სამინისტროში საქმიანობის გამოცდილება. ამას გარდა, მან კერძო სექტორში ფინანსურ კონსულტანტად იმუშავა და სოციალური მობილობის გაუმჯობესების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია Attain Wales-იც დააფუძნა.
როგორც ბრიტანული მედია წერს, ნარაიანის დანიშვნით გაერთიანებული სამეფო გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ქვეყანაში Google DeepMind-ის, ElevenLabs-ისა და Wayve-ის სათავო ოფისებია და მათი ხელმძღვანელობაც სწორედ დიდი ბრიტანეთიდან ავითარებს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის პოლიტიკას გაატარებს ახალი მინისტრი, თუმცა მოელიან, რომ ის მთავრობაში ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესებს ისე დაიცავს, რომ რიგითი მოქალაქეების შედეხულებები მაქსიმალურად გაითვალისწინოს.
ცნობისთვის, კანიშკა ნარაიანი ინდოეთის შტატ ბიჰარში 1989 წელს დაიბადა. მან განათლება იტონის კოლეჯში, ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სტენფორდის ბიზნესსკოლაში მიიღო.




























