მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე თამარ იოსელიანი? – CV და ქონებრივი დეკლარაცია

თამარ იოსელიანი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი დაინიშნა. იოსელიანს ქონების დეკლარაცია 2024 წელს აქვს შევსებული, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტი 2023 წლის მდგომარეობას ასახავს.

დეკლარაციის მიხედვით, იოსელიანის საკუთრებაშია ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე მდებარე 41.6 კვ.მ ბინა, რომელიც 2016 წელს 47 000 დოლარად იყიდა. თამარ იოსელიანის ქმარი ზურაბ ბაკურაძე კი თბილისში, ატენის ქუჩაზე 55,84 კვ.მ ბინას ფლობს, რომელიც 2022 წელს 46 000 დოლარად იყიდა. ზურაბ ბაკურაძის საკუთრებაშია ასევე 2020 წელს 1500 დოლარად ნაყიდი 349 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთში, სოფელ ქვემო მლაშეში.

თამარ იოსელიანი "ლიბერთი ბანკში" 28 735 აქციის მფლობელიცაა, რომელიც 2010 წელს იყიდა.

რაც შეეხება ხელფასებს, ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში 34 332 ათასი აქვს აღებული. თამარ იოსელიანი შპს ბათუმი ფიშინგ კომპანი საქართველოს დირექტორიც იყო, სადაც 73 368 ლარი მიიღო. მის ქმარს ზურაბ ბაკურაძეს კი 2023 წელს, მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე 59 130 ლარი აქვს მიღებული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

2018–2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, 2023–2025 წლებში - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე ეკავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.

მას მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ის გაეროსა და ნიპონის ფონდის სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, გაიარა სტაჟირება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი).

თამარ იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები