მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის Gucci-ის მფლობელის, Kering-ის ახალი CEO და რა გეგმები აქვს მას?

kering

მოდის სახლ Gucci-ის მფლობელმა Kering-მა ახალ აღმასრულებელ დირექტორად Renault-ის ყოფილი მმართველი, ლუკა დე მეო დაასახელა.

საკადრო ცვლილება, რომლითაც დადასტურდა გავრცელებული ცნობები დე მაოს მიერ ავტოკომპანიის დატოვების შესახებ, მიზნად ფუფუნების კონგლომერატის ვალებიდან ამოყვანას ისახავს. იგი CEO-ს როლს 15 სექტემბრიდან მოირგებს - წერს Reuters.

იტალიელი ბიზნესმენი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ავტოინდუსტრიაში გაატარა, პირველი აუტსაიდერი იქნება, რომელიც ფრანგი მილიარდერების, პინოს ოჯახის კომპანიის მართვას ჩაუდგება სათავეში. ინვესტორებისა და ინდუსტრიის ანალიტიკოსთა აზრით, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გამოწვევათა მასშტაბს, რომლის წინაშეც Kering აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ლუკა დე მეოს წინამორბედი, ფრანცუა-ჰენრი პინო აცხადებდა, რომ გასული წლების განმავლობაში, კომპანიის შესრულება მოლოდინებს ვერ ამართლებდა, რის შედეგადაც Kering იმ ეტაპზე გადავიდა, როცა მის მმართველობაში სიახლის დანერგვის დრო მოვიდა.

„მისმა გამოცდილებამ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ჯგუფის ხელმძღვანელობაში, ბრენდების მკვეთრმა გაგებამ და ძლიერი და პატივისცემით აღსავსე კორპორაციული კულტურის გრძნობამ დამარწმუნა, რომ [ლუკა დე მაო] სწორედ ის ლიდერია, რომელსაც ახალი ხედვის შემოსატანად ვეძებდი“, - განაცხადა პინომ, რომელიც კომპანიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ რჩება. მისივე თქმით, იგი ჩართული იქნება სტრატეგიულ ორგანიზებაში, თუმცა დე მეოს სრული თავისუფლება ექნება წამყვან პოზიციებზე სასურველი კადრების დანიშვნასა და ბრენდის პრიორიტეტების განსაზღვრაში.

Kering-ის რამდენიმეწლიან სტაბილურ ზრდას Gucci განაპირობებდა, თუმცა პანდემიური წლების შემდეგ კომპანიას ფლაგმანური ბრენდის აღდგენა გაუჭირდა. ცნობილი გახდა, რომ კომპანიის სასესხო ვალდებულება 10 მილიარდ ევროს აღემატება და საკრედიტო რეიტინგის შემცირების რისკის წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, პინოს თქმით, კომპანიაში კრიზისი არ დგას: "ჩვენ მეხანძრეებს არ ვეძებთ".

Renault-ის შემთხვევაში, ლუკა დე მეოს მიერ კომპანიის დატოვება მოულოდნელი აღმოჩნდა. 5-წლიანი მმართველობის პერიოდში, დე მეოს სახელთანაა დაკავშირებული ფრანგი ავტომწარმოებლის შედეგების გაუმჯობესება და Nissan-თან ორ ათწლეულიანი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა.

მას შემდეგ, რაც დე მეოს მიერ Renault-ის დატოვება გახდა ცნობილი, კომპანიის აქციები 8%-ით დაეცა, რაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იყო. რეკორდულად გაიზარდა Kering-ის აქციებიც და, 2008 წლის ნოემბრის შემდეგ, ზრდამ პირველად შეადგინა 12%.

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ლუკა დე მეომ Kering-თან დაკავშირებულ გეგმებზე პირველად 9 სექტემბერს ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები არ დაუსახელებია, კომპანიის CEO-მ ზოგიერთ ბრენდში სავარაუდო რესტრუქტურიზაციაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ ახალ სტრატეგიულ გეგმას Kering მომავალ გაზაფხულზე წარადგენს, წლის ბოლომდე კი ძირეულ გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს.

"Kering-ში ღია გონებით, მიუკერძოებლობითა და სრულად ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული მოვდივარ", - განაცხადა დე მეომ მეწილეებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ სიტუაცია, რომელშიც ჯგუფი იმყოფე, მკაფიო და ძლიერ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, რომელთა მიღებაც მარტივი არ იქნება.

ამავე შეხვედრაზე, მეწილებამა ლუკა დე მეოს ანაზღაურებად 20 მილიონი ევრო განსაზღვრეს და ბონუსის სახით კომპანიის წილებიც გადასცეს. მისი ანაზღაურება მოიცავს იმ თანხის კომპენსაციასაც, რომელსაც დე მეო, დარჩენის შემთხვევაში, Renault-ში მიიღებდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ CEO-დ ფუფუნების სექტორის მიღმა მყოფი ბიზნესმენის არჩევა სარისკო ნაბიჯია, თუმცა დე მეოს პროფილი ადასტურებს, რომ ის Kering-ის შესაფერისი მმართველი იქნება.

Renault-მდე ლუკა დე მეო 2009-2020 წლებში Volkswagen-ის მარკეტინგის დირექტორი იყო, მანამდე კი - 2002-2009 წლებში - დე მეომ კრიტიკული როლი შეასრულა Fiat Group-ის მიერ Fiat 500-ის ხელახალი გამოშვების წარმატებაში. CEO-ს თანამდებობას იკავებდა Fiat Automobiles-ში, Alfa Romeo-სა და Abarth-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები