სომხეთის მთავრობამ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებისთვის მილიარდერი, ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი დააკავა. კარაპეტიანი რუსულ-სომხური Tashir Group-ის დამფუძნებელი და მფლობელია, ხოლო მისი ქონება Forbes-ის მიერ 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კარაპეტიანის ჰოლდინგი აქტივებს ფლობს რუსეთში უძრავი ქონების, მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში, სომხეთში კი მის საკუთრებაშია სომხეთის ელექტროსისტემა, რომელიც 2015 წელს Inter Rao-სგან შეიძინა. ამჟამად სომხეთის მთავრობა უკვე ამ სტრატეგიული აქტივის ნაციონალიზაციასაც გეგმავს.
სამველ კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება 1997 წლიდან იწყება, როდესაც ის კომპანია Kalugaglavsnab OAO-ს პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული კომპანია Gazprom-ისთვის ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით იყო დაკავებული. აღნიშნულის შემდეგ მან მოსკოვის უძრავი ქონების ბაზარზეც დაიწყო ინვესტიციების განხორციელება, 1999 წლიდან კი ამ ბიზნესების მართვისთვის ჰოლდინგური კომპანია Tashir Group-ი შექმნა. გლობალურ Forbes-ის მიერ მისი ქონების შეფასება 2016 წლიდან იწყება და ის აღნიშნულ პერიოდში 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კარაპეტიანი მოსკოვის გარდა ერევანის უძრავი ქონების ბაზარზეც არის ინვესტირებული და მის საკუთრებაშია ქალაქის ორი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი.
სამველ კარაპეტიანი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩაირანის პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული. 2020 წელს სწორედ კარაპეტიანმა გადაიხადა 2 მილიარდი დრამის გირაო ქოჩარიანის საპატიმროდან გამოშვებისთვის, ხოლო კარაპეტიანის ძმა კარენ კარაპეტიანი ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის სიით სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.
კარაპეტიანის ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის დაკავების მოთხოვნით სასამართლოს საგამოძიებო კომიტეტმა მიმართა. ადვოკატმა ლიანა გასპარიანმა ასევე განმარტა, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის წარდგენილი, რაც ირონიულია, რადგანაც ეს მუხლი სასჯელის სახით ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
17 ივნისს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერატიული სამუშაოების შედეგად დაკავებულია ადამიანების ჯგუფი, თუმცა გუშინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად კარაპეტიანის დაკავების შესახებ სომხური ოფიციალური უწყება ინფორმაციას არ ავრცელებდა. რასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მილიარდერის სახლში ჩხრეკა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მილიარდერის მომხრე მედია წერდა, რომ ეს კარაპეტიანისა და სომხეთის ხელისუფლების დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ მილიარდერი სომხეთის ეკლესიას საჯაროდ უჭერს მხარს, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. მაშინ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი ეკლესიას ებრძვის და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისებურად შეეწინააღმდეგებოდა. ფაშინიანი ამას სოციალურ ქსელში გამოეხმიანა და დაწერა, რომ კარაპეტიანს დაავიწყდა, რომ ეს არ არის კალუჟსკის ოლქის რომელიმე სოფელი, არამედ ეს სომხეთია.
„ჩემი გზავნილი იგივეა - მე ჩემი ეკლესიის, ჩვენი ხალხის გვერდით ვარ. როგორც არ უნდა ეცადონ ჩემს გაშავებას, მიმიფურთხებია მათსა და მათ ელექტროქსელებზე. ყველაფერი კარგად იქნება. ხალხით თავის სიტყვას იტყვის და ისინი მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ“, - თქვა სამველ კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავისი სახლის დატოვების შემდეგ.




























