"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ყაველაშვილი მე-10 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, ხოლო 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" სიის მე-18 ნომერი იყო.
ის ყოფილი ფეხბურთელია და სხვადასხვა წლებში „დინამო თბილისში“, „მანჩესტერ სიტში“, „გრასჰოფერში" და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა. პარლამენტში მოხვედრამდე ის ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი. X მოწვევის პარლამენტში ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ნაძალადევის რაიონში.
რაც შეეხება მის განათლებას, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, განათლების გრაფა ცარიელია.
2022 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა [IDFI] პარლამენტს წერილობით მიმართა და მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ითხოვა. პარლამენტის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აპარატში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
მმართველი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთია მე-11 მოწვევის პარლამენტში, აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.