საქართველოს მთავრობამ 22 ივნისს გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნა, 24 ივნისს კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის დაკისრებული, ჯამში, 76 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილებები კერძო, სამედიცინო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი მალევე გახდა. დაავადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯერ კიდევ მაშინ აცხადებდა, რომ საზოგადოებას „დანის პირზე სიარული" მოუწევდა. 16 ივლისს კი თქვა, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაჩქარევი იყო. მართლაც, კოვიდინფიცირების დადებითობის ყოველკვირეული მაჩვენებელი მაშინ 2%-ის ფარგლებში მერყეობდა და თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 ივლისს 2 616 დადასტურებული შემთხვევით, დადებითობის მაჩვენებელი 4.7%-მდე გაიზარდა.
ჯარიმებზე ამნისტიისა და პირბადის ღია სივრცეში გამოყენების რეგულაციის მოხსნის შემდეგ გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? - ეს კითხვა გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე BM.GE-მ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს დაუსვა.
ამირან გამყრელიძემ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და თან იმითაც დაინტერესდა, მთავრობის ადმინისტრაციაში მყოფ ჟურნალისტებს შორის რამდენი იყო აცრილი. „პასუხისმგებლობა არის ყველასი, ვინც ამ პროცესებში ჩართული ვართ. ეს არ არის ერთი ადამიანი. აქ არის სოლიდარული პასუხისმგებლობა. პანდემია გლობალური სოლიდარობის ყველაზე კარგი გამოხატულებაა. აქ ერთი ადამიანი, ან ერთი პრეზიდენტი, ან ერთი სახელწიფოს ხელმძღვანელი საკითხს ვერ წყვეტს. აქ საკითხს მთლიანად საზოგადოება წყვეტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























