ციფრული გადახდების პიონერი კომპანია PayPal Holdings-ის ახალ პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად ენრიკე ლორესი დაინიშნა. ის მოვალეობის შესრულებას 2026 წლის პირველი მარტიდან შეუდგება.
ლორესი, რომელიც ამჟამად კომპიუტერების მწარმოებელ კომპანია HP-ს ხელმძღვანელობს და ამავდროულად, PayPal-ის საბჭოს წევრია, პოსტზე ალექს კრისს ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მმართველმა თანამდებობა დანიშვნიდან 16 თვის თავზე დატოვა. როგორც ირკვევა, მისი წასვლის მიზეზი აღმასრულებელი საბჭოს უკმაყოფილება გახდა. მმართველ ბორდში მიიჩნიეს, რომ კრისი მნიშვნელოვან ცვლილებებს ძალიან დაბალი ტემპით ახორციელებდა და ჯეროვნად ვერ ასრულებდა იმ მოვალეობას, რასაც ცვალებად და კონკურენტულ გარემოში PayPal-ის აქტუალურობის შენარჩუნება იყო. ეს კომპანიის ბოლო, მძიმე კვარტალურ შედეგებშიც გამოვლინდა. დეტალურ ინფორმაციას ამ კუთხით ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
გარდამავალ პერიოდში PayPal-ის დირექტორის მოვალეობას ჯეიმი მილერი შეასრულებს, ხოლო დევიდ დორმანი საბჭოს ახალ თავმჯდომარედ დაინიშნება და ის კომპანიის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. როგორც უცხოური მედია წერს, ამ ნაბიჯებით PayPal-ის აღმასრულებელ საბჭოს, სურს, დროულად გაატაროს საჭირო ცვლილებები და სწრაფად უპასუხოს ბაზრის გამოწვევებს. ასევე აღიდგინოს მომხმარებლების თვალში ის ნდობა, რომელიც საკადრო არასტაბილურობამ შეარყია. HP-ს ხელმძღვანელი და PayPal-ის მომავალი აღმასრულებელი დირექტორი ესპანურ-ამერიკული წარმოშობის ბიზნესმენია, რომელიც კომპიუტერების მწარმოებელ ფირმაში ჯერ კიდევ 1989 წელს დასაქმდა და ფინანსებში მისი ცოდნის დამსახურებით თანამდებობრივ კიბეზე ასვლა მალევე მოახერხა. ის 2019 წლიდან HP-ს აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა და ცდილობდა, თანამედროვე გამოწვევების ფონზე კომპანიის პროდუქციისთვის კონკურენტულობა შეენარჩუნებინა. მისი ხელწერის ნაწილია მკაფიო გადაწყვეტილებები ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, თანამშრომლების გათავისუფლება, თუ ჩნდება ბიუროკრატიის ნიშნები ან კონკრეტული საქმის ათვისება AI-ს შეუძლია. აღმასრულებელ საბჭოში მოელიან, რომ ახალი დირექტორი დააჩქარებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას და გაზრდის ბრენდირებული გადასახადების სისტემის ეფექტურობას.


























