მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის პიტერ ლინჩი? - ინვესტორი, რომელიც "ლეგენდარულობას" უორენ ბაფეტზე არანაკლებად იმსახურებს

644b9965d300b
გიორგი არონია
28.04.23 14:51
1622

ინვესტიციებზე საუბრისას, როგორც წესი, ყველას ერთი ადამიანი გვახსენდება, რომლის სახელი და გვარი - უორენ ბაფეტია. დღეს, უორენ ბაფეტის ლეგენდარულობაზე აღარავინ დავობს, რადგან ინვესტიციების მიმართ გამჭრიახობა და გრძელვადიანი მენტალური გამძლეობა 92 წლის ინვესტორმა ყველა სუბიექტური და ობიექტური პარამეტრით დაამტკიცა. ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ი ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $718 მილიარდად აჭარბებს. ამ პარამეტრით, ის მსოფლიოში რიგით მე-6 უმსხვილესი კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი, უორენ ბაფეტი, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $114 მილიარდად აფასებს, პლანეტის მე-5 უმდიდრესი ადამიანია.

უორენ ბაფეტზე და მის ინვესტიციებზე BMG-ის არაერთხელ დაუწერია, მაგრამ ამასთან, ჩვენი ყურადღება მოაკლდა კიდევ ერთ ამერიკელ ინვესტორს, რომელიც ლეგენდარულის ტიტულს ომაჰელ ორაკულზე არანაკლებად იმსახურებს. ეს ადამიანი 79 წლის ამერიკელი ინვესტორი პიტერ ლინჩია, რომელიც ბენჯამინ გრემის და უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფიის, ანუ ღირებულებაში ინვესტირების, ე.წ. Value Investing-ის სკოლის მიმდევარია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიდგომა ისეთ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, რომლებიც ბაზრის მიერ დღეს მათ რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად არის შეფასებული, რადგან სწორედ ასეთ კომპანიებს შეუძლიათ, რომ გრძელვადიან პერიოდში, ინვესტორებს ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანონ.

პიტერ ლინჩის ლეგენდარულობას, ცხადია, მისი ფენომენალური ფინანსური შედეგი განაპირობებს. 1977 წელს პიტერ ლინჩი ამერიკული საინვესტიციო კომპანიის, Fidelity Investments-ის ერთ-ერთი შვილობილი ფონდის, “მაგელანის ფონდის” ხელმძღვანელად დაინიშნა. იმ დროს, ფონდი $20 მილიონის აქტივებს მართავდა, მაგრამ პიტერ ლინჩის ხელმძღვანელობის პირობებში, ანუ 1990 წლამდე, ფონდის აქტივების მოცულობა $14 მილიარდამდე გაიზარდა. კი, არ მოგესმათ. 13 წლის განმავლობაში ფონდის მოცულობა $20 მილიონიდან $14 მილიარდამდე, ანუ 70 ათასი პროცენტით გაიზარდა. მოდი, მარტივად გეტყვით: 1977 წელს “მაგელანის ფონდში” $10 ათასი რომ ჩაგედოთ, 1990 წელს, პიტერ ლინჩის წასვლის დროს, $280 ათასი გექნებოდათ. კიდევ უფრო მარტივად რომ გითხრათ, Ford Fusion-ის ფასად, 13 წელიწადში, Maibach-ს იყიდდით. საინვესტიციო სამყაროში პიტერ ლინჩის 29.2%-იანი ყოველწლიური ზრდა საოცარ შედეგად ითვლება, რადგან ბევრი წლის განმავლობაში, ის ფაქტობრივად ორჯერ უკეთეს შედეგს დებდა, ვიდრე ერთგვარ სტანდარტად მიჩნეული S&P500-ის ინდექსი. 

პიტერ ლინჩის საინვესტიციო ფილოსოფიის შეფასება ერთი წინადადებით შეიძლება - “ჩადე ფული იმაში, რაც იცი”. ეს მიდგომა ეკონომიკაში ფართოდ გავრცელებულ ცნებას, ლოკალურ ცოდნას ეფუძნება, რომელიც ადამიანს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. პიტერ ლინჩს ისიც უთქვამს, რომ ინდივიდუალური ინვესტორს ფულის შოვნა გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე საინვესტიციო ფონდის მენეჯერს, რადგან ინვესტიციისთვის ხელსაყრელი კომპანიების აღმოჩენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლიათ. აი, ასე ჩადო ფული პიტერ ლინჩმა Dunkin' Donuts-ში, როცა კაფეში მივიდა და იქაური ყავით მოიხიბლა. წლების შემდეგ, ეს პიტერ ლინჩის ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციად იქცა.

პიტერ ლინჩის ხელმძღვანელობისას, “მაგელანის ფონდს” ათასზე მეტი ინდივიდუალური პოზიცია ჰქონდა გახსნილი, რაც პორტფელის დივერსიფიკაციის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. პიტერ ლინჩის ყველაზე წარმატებულ ინვესტიციებს შორის ვხვდებით, როგორც Ford-ს, Volvo-ს და General Electric-ს, ასევე Philip Morris-სა და Kemper-ს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მეტად ნანობს, თავის დროზე Apple-სა და Nvidia-ს აქციები რომ არ იყიდა. არადა, როგორც თავად ჰყვება, იმ დროს, მისმა ქალიშვილმა $250-ად iPod-ი იყიდა, რამაც ინვესტორი დასკვნამდე მიიყვანა, რომ Apple-ის მარჟები საკმაოდ მაღალი იყო. ეს შეცდომა, სხვათა შორის, არ დაუშვა უორენ ბაფეტმა, რომელმაც Apple-ის აქციები ჯერ კიდევ 2016 წელს შეიძინა და მაგრადაც მოიგო.

აქტიური საინვესტიციო საქმიანობიდან გასვლის შემდეგ, პიტერ ლინჩმა ინვესტიციებზე წიგნების წერა დაიწყო და მალევე, ბესტსელერი ავტორების სიაშიც მოხვდა. პარალელურად ამისა, ლინჩი აქტიურ ანალიტიკურ საქმიანობასაც აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, პიტერ ლინჩმა CNBC-ს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის დღევანდელობა მიმოიხილა. როგორც ინვესტორი ამბობს, აქციების ყიდვისას ადამიანებმა კვლევას მეტი დრო უნდა დაუთმონ.

“ცალკეული აქციების ყიდვისას ადამიანები, ისე არ ფრთხილობენ, როგორც მაცივრის ან თვითმფრინავის ბილეთის ყიდვისას, რაც სამწუხაროა. რაღაც კომპანიის შესახებ ავტობუსში გაიგებენ და ათი ათასი დოლარის აქციებს იყიდიან. წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ. ამ მხრივ სიფრთხილე არის საჭირო, ადამიანებმა კომპანიის საბალანსო უწყისს უნდა შეხედონ და თქვან, ამ აქციის ფასი მომავალში რატომ გაიზრდება. “ფასი მაგრად იზრდება” - ცუდი მიზეზია”, - ამბობს ინვესტორი.

პიტერ ლინჩი, ისევე, როგორც უორენ ბაფეტი და მათი მასწავლებელი ბენჯამინ გრემი, საკმაოდ მარტივი ენით საუბრობენ ხოლმე. რეალურად, მათი საინვესტიციო ფილოსოფიაც ასეთია, რადგან მისი მთავარი პოსტულატების მარტივად ჩამოყალიბებას წინ არაფერი უდგას. სწორედ ამიტომ დაინტერესდა უორენ ბაფეტი ინვესტირებით 11 წლის ასაკში, როცა ბენჯამინ გრემის საკულტო წიგნი, “ჭკვიანი ინვესტორი” წაიკითხა და პირველი აქცია იყიდა. ისე კი, წარმატებული ინვესტიციები პიტერ ლინჩს არც ახალგაზრდობაში აკლდა. ბოსტონის კოლეჯში სწავლისას, პიტერ ლინჩმა საკუთარი დანაზოგით Flying Tiger Airlines-ის 100 აქცია იყიდა, თითოეული $8-ად. მოგვიანებით, თითოეული ამ აქციის ფასი $80-მდე გაიზარდა, ხოლო სარგებელი პიტერ ლინჩმა საკუთარ განათლებაში დააბანდა.

“თვალი ადევნეთ ახალ კომპანიებს და უყურეთ საბალანსო უწყისს. როცა ხუთს უმატებთ ხუთს, ათთან დაახლოებული შედეგი უნდა მიიღოთ. წარმოიდგინეთ ორი კომპანია, რომელთა ფასი 50-დან 3 დოლარამდე შემცირდა. ერთ კომპანიას სამი მილიონის ნაღდი ფული აქვს, მაგრამ ვალდებულება არ აქვს; მეორეს სამი მილიონის ვალდებულება აქვს, მაგრამ ნაღდი ფული - არა. რომელს იყიდით? ეს ხომ რთული არაა”, - აღნიშნავს პიტერ ლინჩი.

bmg-ის მკითხველმა და მაყურებელმა კარგად იცის, აშშ-ში მიმდინარე საბანკო კრიზისის შესახებ, რომელმაც რამდენიმე მსხვილი ბანკი, მათ შორის SVB, Silvergate-ი და Signature-ი შეიწირა. ამ თემას, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიდნენ ვერც CNBC-ის წამყვანები, რომელთაც პიტერ ლინჩს ამ კრიზისის შეფასება სთხოვეს. როგორც ინვესტორი აღნიშნავს, წინა კრიზისებთან შედარებით, საბანკო სისტემა ახლა მეტად ჯანსაღია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანიები კრიზისს მაინც შეეწირებიან.

“1991 წელს საშინელი ფინანსური კრიზისი იყო, რომელმაც შეიწირა, როგორც თითქმის ყველა ტეხასური ბანკი, ასევე ნიუ-ინგლენდის ბანკი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ბანკია. 2008-2009 წლებში ბანკები დაურეგისტრირებელ სესხებს, მეორეულ იპოთეკებს და რემონტისთვის განკუთვნილ სესხებს აძლევდნენ ადამიანებს, რომლებიც ამ თანხით გემებს ყიდულობდნენ. ახლა ბანკები გაცილებით ფრთხილად არიან. ჩვენ სხვა კრიზისებიც გამოგვივლია, რომელთაც ბანკები შეიწირეს და ახლა სტრესის გამოცდა გვაქვს. ვფიქრობ, საბანკო სისტემა უფრო ჯანსაღია, მაგრამ კომპანიები მაინც გაქრებიან. ასეთია ბუნება. გაიხსენეთ 1980-1981 წლები, როცა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია და ორნიშნა უმუშევრობა იყო, ხოლო ადამიანებს ეგონათ, რომ იაპონელები სამყაროს დაიპყრობდნენ. იმ დროს უიმედოდ ვიყავით. სანერვიულო ყოველთვის მოიძებნება, ასეთია ამ ბიზნესის ბუნება”, - განაცხადა პიტერ ლინჩმა.

გამომდინარე იქიდან, რომ უორენ ბაფეტისგან განსხვავებით, პიტერ ლინჩი მენეჯერი იყო და არა დამფუძნებელი, დღეს, ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მას მილიარდერის სტატუსი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ის მულტიმილიონერია, რომელიც ისტორიაში ლეგენდარული ინვესტორის სახელით შევა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები