მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის რიჩარდ გრინელი, რომელიც ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა?

რიჩარდ გრინელი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობების შევსებას აგრძელებს. ამჯერად, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის სპეციალური მისიების ხელმძღვანელად რიჩარდ გრინელი დანიშნა. დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს რიჩარდ გრინელი გერმანიაში აშშ-ის ელჩი იყო, მოგვიანებით კი დაზღვერვის ეროვნულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, რიჩარდ გრინელი გაეროში, აშშ-ის წარმომადგენლის პრესმდივნად მუშაობდა.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე ინიშნება, როგორც წესი, დონალდ ტრამპის დიდი ნდობით სარგებლობს. სავარაუდოდ ასეთივე ვითარებაა რიჩარდ გრინელთან დაკავშირებით, რომლის ახალი სამუშაო აღწერილობა, რეალურად, პრეზიდენტის მარჯვენა ხელად მუშაობას გულისხმობს. კონკრეტულად რა დავალებებს შეასრულებს გრინელი, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ, როგორც დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, მისი სპეციალური წარმომადგენელი ცხელ წერტილებში იმუშავებს, მათ შორის ვენესუელაში და ჩრდილოეთ კორეაში.

პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან დაკავშირებით, როგორც წესი, სენატის თანხმობა მართლაც არის საჭირო, მაგრამ თანამდებობა, რომელსაც რიჩარდ გრინელი დაიკავებს, დღეს არ არსებობს, შესაბამისად უცნობია, დასჭირდება თუ არა გრინელის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს დასტური. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დასტური საჭიროა, რიჩარდ გრინელი მას სავარაუდოდ მიიღებს, რადგან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები