იაპონიის მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ თავმჯდომარის პოსტზე სანაე ტაკაიჩი აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. შიდაპარტიულ არჩევნებში ტაკაიჩიმ მეტად ცენტრისტი კანდიდატი შინირო კოიზუმი დაამარცხა. თავად ახლად არჩეული თავმჯდომარე კი მემარჯვენე პოლიტიკოსად ითვლება.
"ვერ ვიტყოდი, რომ ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ წინ ძალიან ბევრი საქმე გველის. ყველა ჩვენგანს უამრავი საქმის გაკეთება მოუწევს. ბევრი ცვლილება გვაქვს გასატარებელი, თანაც ძალიან ჩქარა. პირობას გაძლევთ, გავაკეთებ იმას, რასაც დაგპირდით. მე ვიმუშავებ, ვიმუშავებ და ვიმუშავებ" - განაცხადა ტაკაიჩიმ პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას.
რაც შეეხება სანაე ტაკაიჩის ბიოგრაფიას, ის 1961 წლის 7 მარტს, ნარას პრეფექტურაში დაიბადა. განათლება კი ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით კობეს უნივერსიტეტში მიიღო. ის ასევე სწავლობდა მმართველობასა და მენეჯმენტს მაცუშიტას ინსტიტუტში. ტაკაიჩის პოლიტიკური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, როცა ის იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის დეპუტატი გახდა. საიდანაც მალევე, 1993 წელს ლიბერალ დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა და მომავალი პრემიერ-მინისტრის, იოშირო მორის ფრაქციას შეუერთდა.
ცნობისთვის, იაპონიის უმსხვილესი პარტია 5 ძირითადი ფრაქციისგან შედგება. ხოლო ის, რომელსაც ტაკაიჩი წარმოადგენს, კონსერვატიული და ნაციონალისტური იდეებით გამოირჩევა და პრიორიტეტს ბიზნესის განვითარებას ანიჭებს. ამასთან, მორის ფრაქცია განსაკუთრებულ ყურადღებას იაპონია-ამერიკის ურთიერთობების დაახლოებას, ასევე თავდაცვის სფეროს განვითარებას უთმობს.
კარიერის განმავლობაში, სანაე ტაკაიჩი იკავებდა შინაგან საქმეთა, კომუნიკაციების და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრების პოსტებს. მას კონსერვატორ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. მომავალი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური რეფორმების გატარებას მხარს არ უჭერ. აღსანიშნავია, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე ისეთი მოწოდება, რომელიც მედიის თავისუფლების შეზღუდვას უჭერდა მხარს.




























