უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო კომპანია Naftogaz-ის გენერალური დირექტორი, სერჰი კორეტსკი შეარჩია.
არსებული ინფორმაციით, კორეტსკიმ პრეზიდენტისგან შეთავაზება 12 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიიღო და მასზე თანხმობა განაცხადა.
გამოცემა Kyiv Independent-ის წყაროების ცნობით, უკრაინის საკანონმდებლო ორგანო ახალ პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად 16 ივლისს დაამტკიცებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კორეტსკის კრიზისების მართვის გამოცდილება აქვს და პოლიტიკურ თუ ოლიგარქიულ დაპირისპირებებში ჩართულ პირად არ მიიჩნევა. პოლიტოლოგ ვოლოდიმირ ფესენკოს განცხადებით, კორეტსკის მთავარ უპირატესობად პოლიტიკური დაჯგუფებებისგან დამოუკიდებლობა მიიჩნევა. ენერგეტიკის ექსპერტთა შეფასებით, Naftogaz-ში მუშაობისას მან ეფექტიანი კრიზის-მენეჯერის რეპუტაცია მოიპოვა. აქვე უნდა ითქვას, რომ მთავრობის ახალი მეთაურის უმთავრესი გამოწვევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე სისტემის სტაბილურობის დაცვა იქნება.
რაც შეეხება მოქმედ პრემიერ-მინისტრს, სვირიდენკო აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობას დაიკავებს. რაც შეეხება ამჟამინდელ დიპლომატს, არსებული ცნობებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მოქმედმა ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ცნობისთვის, სერჰი კორეტსკი Naftogaz-ის ხელმძღვანელად 2025 წლის მაისში დაინიშნა, მანამდე კი ის Ukrnafta-სა და Ukrtatnafta-ს მართავდა. კორეტსკი კერძო სექტორშიც საქმიანობდა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელ WOG-ს ხელმძღვანელობდა.




























