მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ტაილანდის ახალი პრემიერ-მინისტრი იგივე "კანაფის მეფე"?

 ანუტინ ჩარნვირაკული

ბოლო ორ წელიწადში ტაილანდმა უკვე მესამე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. 2025 წლის 5 სექტემბერს პარლამენტმა ქვეყნის ახალ ლიდერად ანუტინ ჩარნვირაკული დაამტკიცა, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და "ბუმჯაითაის" პარტიის ლიდერი, რომელსაც საერთაშორისო მედია უკვე წლებია „კანაფის მეფედ“ მოიხსენიებს.

ანუტინი 1966 წელს, ბანგკოკში დაიბადა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური და ბიზნესს დინასტიის წარმომადგენელია. მისი მამა, ჩავარატ ჩარნვირაკული, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამშენებლო გიგანტი Sino-Thai Engineering & Construction-ის ხელმძღვანელი იყო. ოჯახური ბიზნესის მართვაში ჩართულმა ანუტინმა თავი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობითაც გამოიჩინა, მათ შორის სუვარნაბუმის აეროპორტის მშენებლობით.

უმაღლესი განათლება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, Hofstra University-ში მიიღო, სადაც საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ კი ტაილანდში დაბრუნდა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი Thammasat University-ში მოიპოვა.

პოლიტიკაში პირველად 2000-იან წლებში გამოჩნდა, სხვადასხვა დროს რამდენიმე სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტიც ეკავა. 2006 წელს პოლიტიკური აკრძალვის გამო დროებით ჩამოშორდა აქტიურ საქმიანობას, თუმცა 2012 წლიდან ბუმჯაითაის პარტიის ლიდერად დაბრუნდა.

ანუტინ ჩარნვირაკული განსაკუთრებით ცნობადი მაშინ გახდა, როდესაც 2019 წელს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ტაილანდში კანაფის დეკრიმინალიზაცია — ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანა პირველ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ სახელმწიფოდ აქცია, სადაც მარიხუანას მოხმარება და მოყვანა დასაშვები გახდა.

2022 წელს ანუტინმა სპეციალური ინიციატივა წამოიწყო: სახელმწიფომ მოსახლეობას 1 მილიონი კანაფის ნერგი დაურიგა, რათა ოჯახებს მისი სახლებში მოყვანის საშუალება ჰქონოდათ. ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა როგორც ტაილანდში, ისე საერთაშორისო მედიაში და ანუტინს „კანაფის მეფის“ მეტსახელი დაერქვა.

2025 წელს პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა მისი წინამორბედი — ფეტონგტარნ შინავატრა — საკონსტიტუციო სასამართლომ თანამდებობიდან გადააყენა, ანუტინმა ბუმჯაითაი ოპოზიციასთან გააერთიანა და პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. შედეგად, 5 სექტემბერს ის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, ხოლო 7 სექტემბერს მეფის ოფიციალური მანდატიც მიიღო.

ანუტინ ჩარნვირაკული დღევანდელი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა — ის ერთდროულად ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და რეფორმატორია. მისი პრემიერობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმის გათვალისწინებით, რომ იგი არა მხოლოდ კანაფის ლეგალიზაციის სიმბოლოდ იქცა, არამედ ცნობილია როგორც კარგი ოპონენტი რომელსაც შეუძლია კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის დაცვა.

მთავარი გამოწვევები, რაც მას როგორც ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრს ელოდება, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენაა. ქვეყანამ ორ წელიწადში უკვე მეასმე პრემიერ მინისტრი შეიცვალა ეს კი ვითარებას ართულებს. მისი მთავარი საზრუნავი ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ტურიზმის გაძლიერება იქნება, ამასთან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური რეფორმები, რომელსაც მოსახლეობა ტაილანდის ახალი ლიდერისგან ელოდება.

ანუტინ ჩარნვირაკული ტაილანდის ისტორიაში შევა როგორც ლიდერი, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის რანგში კანაფის ლეგალიზაცია შესაძლებელი გახადა, ხოლო ახლა — როგორც ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სტაბილურობის დაბრუნებასა და მომავლის რეფორმების გატარებას შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები