მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის უვადოდ გამწესებული მოსამართლე ნინო გერგაული, რომელმაც ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა?

ნინო გერგაული

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

ნინო გერგაული, რომელიც 2009 წლიდან გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა 2019 წელს უვადოდ გამწესდა მოსამართლედ. მაშინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 37 მოსამართლესთან დაკავშირებით.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის განცხადებით, გორის მე-15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა.

გურგაული მეორე მოსამართლეა, რომელმაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სარჩელი დააკმაყოფილა. პირველი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაა. მოსამართლე ხუჭუამ გუშინ, გვიან ღამით საიას სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც წალკისა და თეთრიწყაროს 30 უბანზე ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო შედეგები გაბათილდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ცესკო ამტკიცებს, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფდა სპეციალური ჩარჩო ფორმა.

ვინ არის მოსამართლე ნინო გერგაული?

ნინო გერგაული 1974 წელს ხაშურში დაიბადა. იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:

  • 1996-1997 წლებში გაიარა სტაჟირება საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • 1998-2002 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ანალიტიკურ განყოფილებაში;
  • 2002-2005 წლებში იყო შპს „გიორგი გოგნაძე და კომპანიის“ ადვოკატი;
  • 2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად;
  • 2006-2007 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  • 2007-2009 წლებში იყო ბორჯომის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში და იმავდროულად ბორჯომის რაიონულ სასამართლოში;
  • 2009 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  • 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

აღსანიშნავია, რომ ნინო გერგაულის მხრიდან, ეს სასამართლოს უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებული პირველი პოზიცია არ არის. 2021 წელს 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.

მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რის შემდეგაც სისტემამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“ იყო აღნიშნული შეფასებები.

ამ განცხადების შემდეგ გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ იზიარებენ ტექსტში გამოთქმულ პათოსს. 16 მოსამართლეს შორის იყო ნინო გერგაულიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები