Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. დიდი ალბათობით, პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის CEO-ს პოსტს ჯონ ტერნუსი დაიკავებს, რომელიც ამჟამად პირველი ვიცე-პრეზიდენტია.
ტერნუსის დაწინაურებასთან დაკავშირებით მოსაზრება ჯერ კიდევ მას შემდეგ გაჩნდა, რაც iPhone Air-ის პრეზენტაცია სწორედ მან დაიწყო, ნაცვლად კუკისა.
ტერნუსის ძირითადი საქმიანობა პროდუქტის განვითარებაა და ის ტექნიკური ცოდნით გამოირჩევა, კუკისგან განსხვავებით, რომელიც მენეჯმენტის და კომპანიის მართვის ექსპერტია.
ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის დირექტორად ტექნიკოსის დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ Apple-ს უფრო მეტად სურს ფოკუსირება ინოვაციასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე, რაც ბოლო პერიოდში კომპანიის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
თავად ტიმ კუკს რაც შეეხება, ის 64 წლისაა და Apple-ს 2011 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს, როცა მან სტივ ჯობსი ჩაანაცვლა. Bloomberg-ის ინფორმაციით, კუკს აქტიური მენეჯმენტიდან ჩამოშორება და დირექტორთა საბჭოში გადასვლა სურს, რათა კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაზე ფოკუსირდეს.
კუკის მოღვაწეობის შეფასება საკმაოდ მარტივად შეგვიძლია: მისი ხელმძღვანელობით Apple-ი ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც $1-ტრილიონიან, შემდეგ $2-ტრილიონიან და ბოლოს $3-ტრილიონიან შეფასებას მიაღწია. ობიექტური პარამეტრებით, ტიმ კუკი თანამედროვე ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დირექტორია, თუ არა საუკეთესო, შესაბამისად, მის ჩამნაცვლებელს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის გადაბარება მოუწევს.




























