საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებში ჩართვის, საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, ორგვარია: დროებითი და მუდმივი.
BM.GE დაინტერესდა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება.
საქმე ის არის, რომ მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.
მუდმივი ბინადრობის ნებართვა ორ ძირითად შემთხვევაში გაიცემა:
- ოჯახური კავშირი: საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე.
- ხანგრძლივი ცხოვრების ცენზი: უცხოელზე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში დროებითი ბინადრობის საფუძველზე ცხოვრობდა.
ამ 10-წლიან ვადაში არ ითვლება სწავლის, მკურნალობის ან დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
თუ პირი ფლობს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას (გაცემული 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ინვესტიციის საფუძველზე), მას შეუძლია მოითხოვოს უვადო ბინადრობა 5 წლის შემდეგ, თუ დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- ბიზნეს-ინვესტიციისას: უნდა დადასტურდეს წლიური ბრუნვა (I წელს - $50 000, II წელს - $100 000, ხოლო მომდევნო წლებში - $120 000).
- უძრავი ქონების შეძენისას: პირს 5 წლის განმავლობაში საკუთრებაში უნდა ჰქონოდა 300 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთი.
ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და პირის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირები.
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
მუდმივი ბინადრობის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოთ:
- განცხადება (შესაძლებელია დისტანციურად შევსება);
- სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) ასლი;
- კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (ოჯახური კავშირის შემთხვევაში);
- ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი: ეს შეიძლება იყოს თავად უცხოელის ან მისი მოქალაქე/რეზიდენტი ნათესავის შემოსავალი, ან პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა.
- საინვესტიციო ბინადრობისას: ცნობა ბიზნეს-ბრუნვის შესახებ ან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების 5-წლიანი ფლობის თაობაზე.
- ფოტო: 3×4, ელექტრონული ფორმით;
- მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.
ვადები და საფასური
მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია განხილვის სისწრაფეზე:
| ვადა | ღირებულება |
| 30-ე კალენდარული დღე | 350 ლარი |
| მე-20 კალენდარული დღე | 500 ლარი |
"ოცნების" მთავრობაში პრემიერმა გასულ კვირას პარლამენტში ინტერპელაციის დროს თქვა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე. აქედან მუდმივი ბინადრობის ნებართვა მინიჭებული აქვს 10 726 პირს. გამოდის, რომ მუდმივი ბინადრობა საქართველოში ბინადრობის მოწმობის მქონე პირების მხოლოდ 9.9%-ს აქვს.


























