მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ დაესწრება დავოსის ეკონომიკურ ფორუმს, სადაც ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს?

davos wef 2026

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, რომელიც დავოსში შეხვედრას ყოველწლიურად მართავს, 19-23 იანვარს 130 ქვეყნიდან 3 000 მონაწილის მისაღებად ემზადება, რომელთა შორის მსოფლიოს წამყვანი კომპანიების 850 აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარეა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი აშშ-ის რეკორდული მასშტაბის დელეგაციას უხელმძღვანელებს.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ტრამპის ხისტმა საგარეო პოლიტიკამ, განსაკუთრებით ვენესუელასა და გრენლანდიის საკითხებთან დაკავშირებით, მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებში შეშფოთება გამოიწვია. ღონისძიებაზე პრეზიდენტთან ერთად კაბინეტის ხუთი მდივანი და სხვა მაღალჩინოსნები იქნებიან.

ფორუმის პრეზიდენტის, ბორგე ბრენდეს განცხადებით, შეხვედრას, ტრამპის ჩათვლით, "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების ექვსი ლიდერი დაესწრება. მსოფლიოს სხვა გამორჩეულ ფიგურებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა.

ბრენდეს თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია 64 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ვიზიტი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი უხელმძღვანელებს, რომელიც პეკინის მთავარი სავაჭრო წარმომადგენელია.

მაღალი რანგის სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა, ასევე ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები - Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი და Microsoft-ის CEO სატია ნადელა.

ბრენდეს ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი, ასევე ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სპეციალური დესპანი სტივ ვიტკოფი.

ფორუმი, რომლის პირველი ყოველწლიური შეხვედრაც 1971 წელს გაიმართა, დიდი ხანია დიალოგის, დებატებისა და გარიგებების ცენტრად ითვლება. პრეზიდენტობის წინა ვადის დროს ტრამპი დავოსს ორჯერ ეწვია, გასულ წელს კი, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, ფორუმს ვიდეოჩართვით მიმართა.

წლევანდელი შეხვედრა პირველი იქნება, რომელსაც ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი არ უხელმძღვანელებს (ის თანამდებობიდან გასულ წელს გადადგა). მას დროებითი თანათავმჯდომარეები - BlackRock-ის თავმჯდომარე და CEO ლარი ფინკი და ფარმაცევტული კომპანია Roche Holdings-ის ვიცე-თავმჯდომარე ანდრე ჰოფმანი შეცვლიან.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ. უკვე მეორე წელია, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რაც პირველად 2025 წელს მოხდა და ბოლო ოცწლეულში პირველი შემთხვევა იყო. ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები