"დელფოსის რიგით მე-11 ეკონომიკური ფორუმი" - საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საბერძნეთში ყოველწლიურად იმართება, წელს 22-დან 25 აპრილის ჩათვლით გლობალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და აკადემიურ ლიდერებს შეკრებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ფორუმს მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაკა ბოჭორიშვილი 23-24 აპრილს დაესწრება.
უწყების ცნობით, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში - "დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი".
იგი ასევე სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე - "ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი" - და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში, შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს შეეხება.
კიდევ ვინ ესწრება "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმს"?
ფორუმის პროგრამა 200-ზე მეტ პანელურ დისკუსიას, 25 დახურულ სესიასა და ექვს მრგვალ მაგიდას მოიცავს, რომლებშიც მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან 1 200-მდე სპიკერი მიიღებს.
მონაწილეებს შორის მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, წამყვანი აკადემიკოსები და მსხვილი გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები არიან.
ფორუმს საბერძნეთის პრეზიდენტი გახსნის, ხოლო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან ერთად მაღალი დონის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმს დადასტურებულად ესწრებიან საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები:
- შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი
- ალარ კარისი, ესტონეთის პრეზიდენტი
- ედი რამა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი
- ჟელკა ცვიანოვიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს წევრი
- ალბერტ II, მონაკოს სუვერენული პრინცი
- აბდულა გიული, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი
- ეჰუდ ოლმერტი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
- ჰერმან ვან რომპეი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი
- პაოლო ჯენტილონი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მოსალოდნელია, რომ 20-ზე მეტი მოქმედი მინისტრი მონაწილეობას გლობალური უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკური სტაბილურობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებში მიიღებს.
წლევანდელი ფორუმის ძირითად თემებს შორისაა ტექნოლოგიური გარდატეხა, კლიმატის ცვლილება, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და განვითარებადი ურთიერთობები ევროპას, შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთს შორის.




























