მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ განიხილავს დემპინგის შესახებ ბიზნესის საჩივრებს?

60b1015fe9a14
ელენე გოგბერაშვილი
29.05.21 10:10
650
1 ივნისიდან კონკურენციის სააგენტო „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებას დაიწყებს. შესაბამისად, მომავალი კვირიდან ბიზნესებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ სფეროში დემპინგურ იმპორტს აქვს ადგილი, შეუძლიათ, შესაბამისი ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საჩივრით, სააგენტოს მიმართონ.

კონკურენციის სააგენტოში ამისთვის სპეციალური დეპარტამენტია შექმნილი, რომელიც 4 წევრისგან შედგება.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განგვიცხადა, ამ დეპარტამენტის შტატი 10 ერთეულით არის განსაზღვრული, თუმცა 4 წევრი ამ ეტაპისთვის ოპტიმალური რაოდენობაა, შემდეგ კი, საქმეების ზრდის პარალელურად გაიზრდება.

„ჩვენ გვყავს დეპარტამენტის ხელმძღვანელი და 3 თანამშრომელი, ჯამში 4 ადამიანია, ვინც ამ პროცესს უძღვება; შტატით განსაზღვრულია 10 ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლით, რომ ეს არის ოპტიმალური რაოდენობა ადამიანების, ვინც ამ საქმიანობას განახორციელებს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობასა და შესწავლის რაოდენობაზე, თუ რამდენ განაცხადს გადავიყვანთ ჩვენ შესწავლის პროცესში. ძირითადად, არიან იურისტები და ეკონომისტები, რომლებიც გადიან ტრენინგებს და ქეისებს, თუ როგორ ხდება განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება“, - აცხადებს ლექვინაძე.

რაც შეეხება ბიუჯეტს, წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობისთვის 430 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ 200 ათასი ლარის რესურსი აქვთ მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები