"ამბასადორი აილენდ ბათუმის" პირველი შენობის ინტერიერის დიზაინზე Studio D73-მ იმუშავა. როგორც მისი დამფუძნებელი და არქიტექტორი ანდრეა ვიგანო ამბობს, "ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი იმდენად კრეატიულია, რომ მისი წარმოდგენაც კი ძალიან რთულია.
"რეალურად, როდესაც ამ პროექტში მოვხვდი, გაოცებული ვიყავი. კრეატიული პროექტია, რომლის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, ზოგადად ყველგან, მაგრამ, განსაკუთრებით ბათუმში. ესეც სწორედ ისაა, რაზეც წეღან ვსაუბობრდი, ჩვენს ლიმიტებს კიდევ და კიდევ ვზრდით, ეს პროექტიც ასეთია. სიმართლე რომ გითხრათ, დასაწყისში მეგონა, რომ ხუმრობა იყო", - ამბობს ანდრეა ვიგანო.
ხოლო კითხვაზე - რამდენად დამაჯერებელი იყო ის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი შეიძლებოდა ბათუმში გამოსულიყო - არქიტექტორი ამბობს, რომ რთული იყო დაჯერება.
"ეს ასე იყო, თუმცა მხოლოდ დასაწყისში. შემდეგ გავიაზრე, რომ ეს რეალობა. ახლა უკვე პროცესში ვართ და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტზე მუშაობის საშუალება მოგვეცა. ვფიქრობ, რომ ერთად ნამდვილად შეგვიძლია, ბათუმის ბაზარს სიახლე შევთავაზოთ. ბათუმი სწრაფად იზრდება, შეიძლება ითქვას, ზედმეტად სწრაფადაც კი, მით უმეტეს, რომ ქალაქში ყველაფერი ერთი ტემპით არ ვითარდება", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ "ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი იძლევა საშუალებას, რომ "ბათუმში ახალი ბალანსი შეიქმნას".
"შეიძლება, ეს სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც ბათუმის დანარჩენ ნაწილშიც შეცვლის დეველოპერულ ბაზარს, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანებს ხარისხიანი ცხოვრება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, მასშტაბი განსხვავდებოდეს, ეს დამკვეთზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად ხარისხიანი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტავს Studio D73-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Studio D73-ის მთავარი სტუდია მილანთან ახლოს, ბრეშაშია ბაზირებული, რომელიც ანდრეა ვიგანომ პარტნიორ არიქტექტორთან, მარა მარკოსთან ერთად 2007 წელს გახსნა. სტუდიის პირველი პროექტი 2010 წელს მოსკოვში დიდი ფიტნეს-ცენტრის დიზაინი იყო. სწორედ ამ პროექტით გავიდა კომპანია იტალიის საზღვრებს გარეთ.
"ახლა ჩვენი სტრუქტურა ბრეშას ოფისთანაა კონსოლიდირებული, გვაქვს ეს უზარმაზარი კორპორაცია საქართველოში, რომელიც მრავალ პროექტს მოიცავს და გვაქვს მთავარი საოპერაციო ოფისი კვიპროსში, სადაც ჩემი პარტნიორი ცხოვრობს. ის უძღვება ყველა პროექტს კვიპროსში, მე კი - კრეტაში, დუბაიში, საამიროების მხარეს, შესაბამისად, ესაა ჩვენი მთავარი ტერიტორია, რა თქმა უნდა, იტალიასთან ერთად, რადგან ის ჩვენი ქვეყანაა", - ამბობს Studio D73-ის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა განსხვავებულია, რაც მათ აძლევს განვითარების შესაძლებლობას. "ჩვენს დამკვეთებს მხოლოდ დოკუმენტებს კი არ ვაბარებთ, ან “შესანიშნავ პროექტს”, არამედ მომსახურებას, რომელიც პროექტის მშენებლობის დასრულებამდე სერვისს მოიაზრებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია", - აღნიშნა არქიტექტორმა.
Studio D73 ამჟამად დუბაის პალმის კუნძულზე ორ აპარტამენტს აშენებს, მეორე მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა კი კრეტას კუნძულზე მიმდინარეობს, კლდეზე, რომელიც ულამაზეს ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს. "ვთანამშრომლობთ ხალხის უზარმაზარ ჯგუფთან, პროფესიონალებთან, პროექტის ინვესტიცია $600 მილიარდი დოლარია, უზარმაზარი თანხა. პროექტი ითვალისწინებს აუთლეტების აშენებას საცალო მოვაჭრეებისთვის, სასტუმროებს, ნავსაყუდელს, ახალი გზების გაყვანას. შესაბამისად, იდეა იგივეა, რომ შეიქმნას ახალი დასახლება", - ამბობს ანდრეა ვიგანო.