“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერის, სანდრო ქევხიშვილის აზრით, ოფშორების კანონმა, რომელიც დაჩქარებულად მიიღეს და ამ პროცესში ვერ დასაბუთდა, რატომ იყო ასეთი სიჩქარის საჭიროება, გააჩინა ბევრი კითხვა და რისკებიც, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან და მის აქტივებთან დაკავშირებით. როგორც ქევხიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, TI-ს მიერ შეგროვებული ინფორმაციით, ივანიშვილს დაახლოებით 20 ოფშორული კომპანია აქვს, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში ფლობენ დაახლოებით 125 კომპანიას.
„მას ეს ოფშორული ინფრასტრუქტურა აწყობილი აქვს და რა თქმა უნდა, ოფშორების კანონი, პირველ რიგში, მას გამოადგება, თუ გადაწყვეტს, რომ მისი საერთაშორისო აქტივები საქართველოში გადმოიტანოს. თუმცა, ამის გარდა ეს კანონი მხოლოდ მასზე ხომ არ ვრცელდება, ეს ვრცელდება ყველაზე, ვისაც აქვს ოფშორული ინფრასტრუქტურა. ამიტომ ნებისმიერი პრობლემური ადამიანი გამოიყენებს მას, ვინაიდან ოფშორები გამოიყენება ქონების დასამალად. მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ათობით რუსი ოლიგარქი დასანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ, მათ პრობლემები ექმნებათ და ეძებენ ადგილს, სად გადაიტანონ ქონება. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის რისკის შემცველია“, - განმარტა სანდრო ქევხიშვილმა და დასძინა, რომ ერთი მხრივ, მთავრობა ითხოვს გამჭვირვალობას ე.წ. რუსული კანონით და მეორე მხრივ, იღებს ოფშორების შესახებ კანონს, რაც გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი “ქართუ ფონდის” გაუმჭვირვალობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის წლებია ფინანსურ ანგარიშს არ ასაჯაროებს, რაც გამჭვირვალობაზე ნამდვილად არ მეტყველებს, - “ფონდი ქართუ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი კი არაა, მისი ფონდია. ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. ეს ფონდი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით უკვე მრავალი წელია არ ასაჯაროებს მის ფინანსურ ანგარიშს. ბოლო ფინანსურ ანგარიშში, რომელიც ფონდმა გაასაჯაროვა, ჩანს რომ ფონდის მთლიანი შემოსავალი არის ბიძინა ივანიშვილის ოფშორებიდან. ივანიშვილის რამდენიმე ოფშორი ქართუ ფონდში რიცხავს ფულს, რომელსაც შემდეგ არიგებს საქველმოქმედო თუ არასაქველმოქმედო მიზნებისთვის“, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
მისივე თქმით, „ქართუ ფონდის“ განაცხადი, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დააფინანსებს, არის „რეპუტაციის გათეთრების“ მცდელობა.