მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ იყო ამერიკული კონსერვატიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ჩარლი კირკი, რომელიც გუშინ მოკლეს

ბიოგრაფია

საერთაშორისო მემარჯვენე საზოგადოებისთვის დღეს უმძიმესი დღეა. 31 წლის ასაკში მოკლეს თანამედროვე ამერიკული კონსერვატიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ჩარლი კირკი.

მისი მკვლელობა უკვე შეფასდა "პოლიტიკურ ასასინაციად".

სიცოცხლის ბოლო წუთებში, საჯარო დებატებით სახელგანთქმული მოაზროვნე შეხვედრას ორემში, იუტა ვალის უნივერსიტეტში მართავდა. ღონისძიებას 3,000 ადამიანი ესწრებოდა და უმძიმესი შემთხვევაც სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის ერთ-ერთი სტუდენტის კითხვას პასუხობდა.

ალბათ, ბედის ირონიაა, რომ განხილვის თემა მკვლელობების საკითხი იყო. სრულიად მოულოდნელად, შორი დისტანციიდან ერთადერთი გასროლის ხმა გაისმა, მეორე წამს კი უნივერსიტეტის ეზო აბსოლუტურმა ქაოსმა მოიცვა. ჩარლი კირკს ტყვია ყელის არეში, პირდაპირ არტერიაში მოხვდა. ყველაზე უცნაური ამ ფაქტში არის ის, რომ ამ დრომდე, მკვლელი დაკავებული არ არის. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა ტომას მეთიუ კრუქსის მსგავს გამოუცდელ ახალგაზრდასთან, რომელმაც რამდენიმე გასროლის მიუხედავად ტრამპის მოკვლა ვერ შეძლო, არამედ პროფესიონალ ქილერთან, რომელმაც კირკის სიცოცხლე ერთ წამში დაასრულა.

რადგან დონალდ ტრამპი ვახსენეთ, მსურს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისი საგანგებო განცხადების ამონარიდი შემოგთავაზოთ. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩარლი კირკი ამერიკის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი და იდეოლოგიური მოკავშირე იყო. კირკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პირველმა სწორედ ტრამპმა გაავრცელა.

“ჩემო თანამოქალაქეებო, დღეს ერთდროულად დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ, რადგან იუტას უნივერსიტეტში გაუგონარი სისასტიკით მოკლეს ჩარლი კირკი. მისი საქმიანობა მილიონობით ადამიანს შთააგონებდა. ყველა, ვინც ვიცნობდით და ვაფასებდით მას, დღეს მთელი გულით ვართ დამძიმებულები. ის იყო ნამდვილი პატრიოტი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საჯარო დებატებს და მისთვის უძვირფასეს ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვნა. ის იბრძოდა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სამართლიანობისა და ამერიკელი ხალხისთვის. ჩემთვის ის, თავისუფლებისა და სიმართლისთვის წამებული გმირია.” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჩარლი კირკი ჩიკაგოში გაიზარდა და სახელიც სწორედ იქ გაითქვა. 18 წლის ასაკში, სამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეულმა ახალგაზრდამ თანამოაზრეებთან ერთად კონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია, Turning Point USA დააარსა. ვილინგის სკოლის დასრულების შემდეგ კირკი ჰარპერის კოლეჯში ჩაირიცხა, თუმცა სწავლას მალევე შეეშვა და პოლიტიკას მთელი ყურადღება დაუთმო. წლების განმავლობაში მან მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელის ყურადღება მიიპყრო და თანამოაზრეთა უზარმაზარი არმიაც შექმნა. კირკი ითვლებოდა ტრამპის MAGA კონსერვატიზმის ერთ-ერთი მთავარ იდეოლოგად. ის მკაფიოდ ეწინააღმდეგებოდა ე.წ. ვოუქ იდეოლოგიას და მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა.

საჯარო დებატებითა თუ საკუთარი გადაცემით ის კონსერვატიული იდეოლოგიის გავრცელებას უწყობდა ხელს. საუბრობდა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე და აკრიტიკებდა მიგრაციის პოლიტიკას. ტრამპთან მის დაახლოებას მხოლოდ იდეოლოგიურმა თანამოაზრეობამ არ შეუწყო ხელი. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი კირკთან ერთად ხშირად ჩნდებოდა, რადგან იცოდა, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მოაზროვნეს ამერიკის ახალ თაობაზე, ანუ ახალ ამომრჩეველზე, რომლის მხარდაჭერასაც არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. საკუთარი შეხედულებით კირკი იზოლაციონისტი იყო და სწორედ ამან დააპირისპირა ის იმ მემარჯვენე ადამიანებთან, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკის როლის შენარჩუნებას უჭერენ მხარს. განსაკუთრებული კრიტიკა მან რუსეთ-უკრაინის ომში გამოხატული პოზიციის გამო დაიმსახურა. ის ომში მყოფი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი საჯარო დებატისას უკრაინის ომის თემაზე კირკმა ასეთი რამ განაცხადა:

“მოდი, ვისაუბროთ ფაქტებით. უკრაინის ჯარში მყოფი ჯარისკაცების საშუალო ასაკი ახლა 43 წელია. ეს იმიტომ, რომ ზელენსკის ხელისუფლებამ თავისი ახალგაზრდობის აბსოლუტური უმრავლესობა გაანადგურა. ასობით ათასი ახალგაზრდა დაიღუპა, მილიონობით კი გაიქცა. მოკლედ, ახლა ფრონტის ხაზი მათთვის ხორცის საკეპი მანქანაა. უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია განაგრძოს ომი. მაგრამ რისთვის? რაღაც მიწის დასაბრუნებლად, რომელიც საბოლოოდ ან შერჩებათ ან არა?”.

როგორც არ უნდა ვემხრობოდეთ, ან ვეწინააღმდეგებოდეთ მის პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომის, LGBTQ საზოგადოებისა თუ ემიგრაციის საკითხების მიმართ, ფაქტია - ჩარლი კირკი ამერიკის თანამედროვე კონსერვატიზმისა და, ზოგადად, მემარჯვენე იდეოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. მისი მკვლელობა რადიკალურად დაპირისპირებულმა დემოკრატიული პარტიის წევრებმაც კი დაგმეს და ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს. რადგან დემოკრატები ვახსენე, გეტყვით იმასაც, რომ ამერიკელი ულტრა მემარჯვენეების ნაწილი მომხდარში სწორედ კონკურენტ პარტიასა და მემარცხენეებს ადანაშაულებენ. ცხადია, ამაზე საუბარი, მით უმეტეს მაშინ, როცა მკვლელი დაკავებულიც კი არ არის, ნაადრევია. თუმცა ფაქტი არის ის, რომ თუ ვინმემ კონსერვატორი მოაზროვნის სიკვდილით ვერაფერი მოიგო, ეს სწორედ მემარცხენეები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები