ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ინვესტორი და ჰეჯ-ფონდ Renaissance Technologies-ის დამფუძნებელი, ჯიმ საიმონსი 86 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე, ჯიმ საიმონსის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $31.8 მილიარდად აფასებდა და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 49-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. თუმცა ჯიმ საიმონსის, როგორც ინვესტორისა და მათემატიკოსის გავლენა, გაცილებით დიდია, ვიდრე მისი ქონება. კარიერის დასაწყისში, ჯიმ საიმონსმა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა, რომლითაც, პირდაპირ თუ ირიბად, დიდი წვლილი შეიტანა, როგორც კვანტური ფიზიკის, ასევე კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განვითარებაში.
მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი ჰეჯ-ფონდ Renaissance Technologies-ზე მოდიოდა, რომელიც საიმონსმა 1982 წელს, ნიუ-იორკში დააფუძნა. რეალურად, Renaissance Technologies-ი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია $89 მილიარდის აქტივებს მართავს.
ცნობილია Renaissance Technologies-ის ერთ-ერთი ფონდის, Medallion Fund-ის საშუალო ყოველწლიური წმინდა ამონაგების მაჩვენებელი, რომელიც 1988-2021 წლების პერიოდში, 37%-ს შეადგენს. 1988 წელს, Medallion Fund-ში $1 რომ დაგებანდებინათ, 2021 წელს $42,000 გექნებოდათ. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამავე პერიოდში S&P500-ის ინდექსში განხორციელებული ინვესტიცია 40 დოლარს მოგიტანდათ, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ში ინვესტირებით კი 152,000 იშოვიდით. გამოდის, რომ Medallion Fund-ის მიერ 33-წლიან პერიოდში დაფიქსირებული ამონაგები, 250-ჯერ მეტი იყო, ვიდრე პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორის და 1000-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ამერიკის უმსხვილესი ხუთასი კომპანიის მიერ დაფიქსირებული ზრდა.
Renaissance Technologies-ის საინვესტიციო ფონდებში ინვესტირება მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცნობილია ჯიმ საიმონსის და მისი კომპანიის საინვესტიციო ფილოსოფია, რომელიც, უმეტესწილად, რაოდენობრივ ანალიზს ეფუძნება. ბაზრის მიერ ნაკლებად შეფასებული და შესაბამისად საინვესტიციოდ მიმზიდველი აქციების საყიდლად, ჯიმ საიმონსი მათემატიკურ მოდელებს და ალგორითმებს იყენებდა, რასაც ექსპერტები რაოდენობრივ ვაჭრობას უწოდებენ. საერთო ჯამში, ჯიმ საიმონსი ფულს კერძო კაპიტალში, საჯარო კომპანიების აქციებში და უძრავ ქონებაში აბანდებდა, რაც მის პორტფელს დივერსიფიცირებულს ხდიდა.
ჯიმ საიმონსის ფილოსოფია, შინაარსობრივად, რადიკალურად განსხვავდება უორენ ბაფეტის ფილოსოფიისგან, რადგან ჯიმ საიმონსი ტრეიდერია, რომელიც ფულს მოკლევადიან აქტივებში, მათი კონკრეტული სარგებლის მიღების შემდეგ გაყიდვის მიზნად აბანდებს. საპირწონედ ამისა, უორენ ბაფეტი გრძელვადიანად ინვესტირებს ისეთ კომპანიებში, რომლებიც, მისი აზრით, ბაზრის მიერ არასათანადოდ ძვირადაა შეფასებული. ამრიგად, უორენ ბაფეტის ფილოსოფია ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ჯიმ საიმონსისა. საინვესტიციო ფილოსოფიებს შორის სხვაობაზე, უორენ ბაფეტმა და აწ უკვე გარდაცვლილმა ჩარლი მანგერმა Berkshire Hathaway-ის 2021 წლის ინვესტორთა სხდომაზე ისაუბრეს. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ ინვეტორები ასეთი ფილოსოფიის მქონე ინვესტორის გუნდში აყვანას, უორენ ბაფეტმა უპასუხა, რომ არა, ხოლო ჩარლი მანგერმა ამ გადაწყვეტილების არსი განმარტა.
“მოკლევადიან ვაჭრობაში ამ რაოდენობრივმა ფონდმა შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა. ფონდის ინვესტორებმა აღმოაჩინეს მუშა ალგორითმები, რომელთაც წინასწარ რაღაცების ჩვენება შეეძლოთ. ფონდი ინვესტირებას მანამ აგრძელებდა, სანამ ალგორითმი მუშაობდა და ფულიც საკმარისი იყო, მაგრამ იგივე სისტემა გრძელვადიან ვაჭრობაში რომ დანერგეს, სულ სხვა შედეგი მიიღეს. ამასთან, მათ აღმოაჩინეს ისიც, რომ მოკლევადიანად ზედმეტს ვერ ივაჭრებდნენ, ანუ მათი ამონაგები ლიმიტირებული იყო”, - აღნიშნა ჩარლი მანგერმა.
ამავე საკითხის კომენტირებისას, უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ არც მან და არც ჩარლიმ აქციებით ვაჭრობა არ იციან. “ჩვენ აქციების ვაჭრობით ფულს არ ვშოულობთ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობთ, რომ არ ვიცით, ეს როგორ კეთდება. ვაჭრობით უფრო მეტი ფულის შოვნა რომ შეგვეძლოს, ალბათ, ასეც მოვიქცეოდით, მაგრამ არ ვიცით, როგორ კეთდება და არც სხვებს ვენდობით”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა.
ფინანსურ სამყაროში, ჯიმ საიმონს ხშირად “მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან” მილიარდერად მოიხსენიებენ, რაც ერთი მხრივ, მისი კომპანიის მიერ დაფიქსირებულ შედეგებს, მაგრამ მეორე მხრივ, საიმონსის განათლებას უკავშირდება. ჯიმ საიმონსი პროფესიით მათემატიკოსი იყო და ცივი ომის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში, კომპიუტერული კოდების გამტეხავად მუშაობდა. ფინანსური სამყაროს გარდა, ჯიმ საიმონსს დიდი წვლილი მიუძღვის მეცნიერების, კერძოდ “სიმების თეორიის” განვითარებაში. 2016 წელს, მათემატიკისა და ფილანთროპიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 1936 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს ჯიმ საიმონსის სახელი ეწოდა. საინტერესოა, რომ ჯიმ საიმონსის ზუსტი მეცნიერებისადმი ასეთი მიდგომა ჩანს კომპანიის შიგნითაც. როგორც Renaissance Technologies-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომპანიაში დასაქმებული ოთხმოცდაათი ადამიანი მათემატიკაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებასა და სხვა მომიჯნავე სფეროებში დოქტორის ხარისხს ფლობს. ამასთან, კომპანიას აქვს საკუთარი მონაცემთა ბაზა, რომელიც ყოველდღიურად 40 ტერაბაიტით იზრდება.
ამასთან, ჯიმ საიმონსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ადამიანი იყო, რომელსაც, ცხოვრების განმავლობაში, Simons Foundation-ში $4 მილიარდი გასცა. აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ჯიმ საიმონსმა და მისმა მეუღლემ 1994 წელს დააფუძნეს, მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, ჯიმ საიმონსის ფონდი სისტემატურად აფინანსებს აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტს.
შეგახსენებთ, რომ ჯიმ საიმონსი ის მილიარდერი იყო, რომელიც გასული წლის ივლისში ქართული მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც მისი $100-მილიარდიანი იახტა “არქიმედე” ბატუმის პორტში შემოვიდა. იახტა “არქიმედე” ნიდერლანდურმა გემთმშენებელმა კომპანიამ, Feadship-მა 2008 წელს გამოუშვა. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 68 მეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიგანის სუპერიახტა ფოლადისა და ალუმინისგან არის დამზადებული, ხოლო მისი წონა 1462 ტონას შეადგენს. “არქიმედე” აღჭურვილია ორი ათასი ცხენის ძალის მქონე ორი ძრავით, რომელთა გამოყენებით, იახტის მაქსიმალური სიჩქარე 16 საზღვაო მილი/სთ-შია. იახტის ექსტერიერსა და ინტერიერზე ბრიტანელმა დიზაინერმა, ჯონ მუნფორდმა იმუშავა, რომელმაც, კარიერის განმავლობაში, 20-ზე მეტი იახტის დიზაინი შექმნა.