ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რომელიც 28 ივლისს ჩატარდება, მანამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კი მუჰამედ მოხბერი იქნება.
როგორც წესი, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და გამარჯვებული ის კანდიდატი ხდება, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
2024 წლის რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრაცია 30 მაისს დაიწყო და ის 3 ივნისს ოფიციალურად დასრულდა. საერთო ჯამში, კანდიდატობაზე განაცხადი 80-მა მოქალაქემ შეიტანა, მათი უმეტესობა პოლიტიკოსი, იურისტი ან ეკონომისტია, მათი პოლიტიკური შეხედულებები კი, ძირითადად, ექსტრემალური კონსერვატიზმისკენ არის გადახრილი, რაც ირანისთვის დამახასიათებელია.
კანდიდატებს შორის ვხედავთ: მოჰრდად ბაზრპაშს, ზოჰრეჰ ელაჰიანს, მუჰამედ ესმაილის, მუჰამედ ღალიბაფს, აბდონასერ ჰემატის, ეშაქ ჯაჰანგარის, საედ ჯალილის და მუსტავა კავაკებიანს.
კანდიდატებს შორის ყველაზე გამორჩეულია მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელიც 2005 – 2013 წლებში ირანის პრეზიდენტი იყო და ამჟამად პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ორგანოს მაღალჩინოსანია.
ვინ გახდება რაისის შემცვლელი, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატმა არა მარტო ხალხის გული, არამედ უზენაესი ლიდერის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს.
ზოგადად, ირანში მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანშია კონცენტრირებული და ეს პიროვნება ყველასათვის კარგად ცნობილი აიათოლა ხამენეია, რომელიც ერთდროულადაა რელიგიური წინამძღოლი, სამხედრო ლიდერი, კანონმდებელი, მოსამართლე და აღმასრულებელი.
რაც შეეხება უშუალოდ ირანის ეკონომიკას, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 465 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 34-ე ადგილს იკავებს. საპირწონედ ამისა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,300 დოლარია და ამ შედეგით ის 113-ე ადგილზეა. ასეთი დრამატული სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ დოვლათის უდიდესი ნაწილი მდიდარი ელიტის ხელშია კონცენტრირებული და ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე. ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 90 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათი უმეტესობა კი ღარიბ ან საშუალო ფენას მიეკუთვნება.
ირანის ეკონომიკური სიძლიერე ბუნებრივ რესურსებზე დგას. მას მსოფლიოში უდიდესი სანავთობო რეზერვები აქვს, ასევე ის ლიდერია ბუნებრივი აირის რეზერვების მიმართულებით. ქვეყანაში უხვად მოიპოვება იშვიათი მინერალები, ძვირფასი მეტალები და ფერადი ლითონი. ობიექტური პარამეტრებით, ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო უნდა იყოს, თუმცა ის ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქცირებული და ეკონომიკურად შეზღუდული ქვეყანაა, რომელსაც რელიგიური დიქტატორი მართავს.




























