დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს დროებით ხელმძღვანელად ამჟამინდელი ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი დანიშნა.
პრეზიდენტის თქმით, დაფი ფანტასტიკური მენეჯერია, რომელიც კოსმოსურ სააგენტოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, სულაც რომ NASA-ში ცოტა ხანი დაჰყოს. შონ დაფი, სავარაუდოდ, უწყებას რამდენიმე თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს, რა დროსაც დონალდ ტრამპი გრძელვადიან კადრს იპოვის.
დონალდ ტრამპის რჩეული ვისკონსინის ყოფილი კონგრესმენია, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, ამ ადამიანის ცნობადობის დიდი ნაწილი უკავშირდება არა მის პოლიტიკურ კარიერას, რომელიც, სხვათა შორის, პროკურორობასაც მოიცავს, არამედ 1990-იან წლებში, MTV-ზე გასულ გასართობ გადაცემას, რომელშიც შონ დაფი ერთ-ერთი წამყვანი პერსონა იყო. სატელევიზიო კარიერას შონ დაფი ბოლო წლებშიც მოუბრუნდა, როცა Fox News-ის ტელეწამყვანად დასაქმდა.
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოს, NASA-ს ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგაა ვაკანტური, რაც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა გაიწვია. კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელად SpaceX-ის დამფუძნებელს ანტრეპრენიორი, ჯარედ აიზეკმენი ეგულებოდა. აიზეკმენი მდიდარი ადამიანია, რომლის ქონება დაახლოებით $2 მილიარდადაა შეფასებული.
ჯარედ აიზეკმენის ფულის უდიდესი ნაწილი ციფრული გადახდების კომპანია Shift4 Payments-ზე მოდის, რომელიც ანტრეპრენიორმა 1999 წელს დააფუძნა, მაგრამ საზოგადოება მას უკეთესად ასტრონავტის ამპლუაში იცნობს. ჯარედ აიზეკმენი ილონ მასკის SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი კლიენტი და სავარაუდო აქციონერია, რომელიც კერძო მისიების ფარგლებში კოსმოსში უკვე ორჯერ იმყოფებოდა. სწორედ ჯარედ აიზეკმენი იყო ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.




























