ტექსტილისა და თეთრეულის დასუფთავების კომპანიამ „ვინ ვეი“, რომელიც სასტუმროებს სწორედ ამ კუთხით ემსახურება, TBC-სთან თანამშრომლობით წარმადობა გააფართოვა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე დევდარიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანიამ ძალიან დაბალი წარმადობით დაიწყო, თუმცა ბანკთან თანამშრომლობის შემდეგ, „ვინ ვეის“ გადაიარაღება მოხდა, რამაც წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა.
„იდეა გაჩნდა იქიდან, რომ სასტუმროს სექტორი სულ უფრო და უფრო ვითარდება. თუმცა მიწოდება არ იყო იმხელა, რამხელაც მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა პარტნიორმა გადავწყვიტეთ, რომ სექტორის განვითარებაში წვლილი შეგვეტანა. TBC იყო ის ბანკი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. მისგან მოძიებული რესურსით შევიძინეთ გარკვეული რაოდენობით დანადგარები. რაც რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარა წარმადობის ზრდაში.
თავდაპირველად დაბალი წარმადობით დავიწყეთ, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძლიერი მხარეა, რადგან კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებთ და შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება წარმოებაც. რა თქმა უნდა, ბაზარზე არის მსგავსი ობიექტები და მათ თავისი ნიშა აქვთ, ჩვენ, ჩვენი. ჯერჯერობით, მხოლოდ დედაქალაქში ვართ წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ რეგიონების მოცვასაც ვგეგმავთ.
მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის, რომ სერვისი სწრაფად მიგვეწოდებინა, რათა სასტუმროს მუშაობა არ შეფერხებულიყო. თავდაპირველად, მცირე წარმადობით ვიყავით წარმოდგენილი. ახლა, ჩვენი წარმადობა თვეში 30 ტონამდე, ანუ დღეში დაახლოებით 1 ტონამდე ტექსტილის გადამუშავებამდე გავზარდეთ“, - აცხადებს დევდარიანი.
კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ წარმადობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მხოლოდ 15 ადამიანს ასაქმებენ, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად, თანამშრომლების ზრდაც იგეგმება. კომპანიის დატვირთვა სეზონზეა დამოკიდებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის რეგიონში დატვირთულობა ნაკლებად ცვლადია, რადგან ტურისტები თბილისში არასეზონურ პერიოდშიც არიან, კომპანიის დატვირთვა მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად უცვლელი იქნება.
მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე, მისი წარმადობიდან გამომდინარე, ბიზნესის მოგებიანობისთვის მხოლოდ საშუალო და მაღალი მიწოდების სასტუმროებზე მუშაობს. სამომავლო პერსპექტივაში კი, კომპანიის გაფართოება როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მასშტაბით არ არის გამორიცხული.