ვინ რომელ მხარეს დგას და ვინაა სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.
როგორც მსხილაძემ აღნიშნა, დეპუტატებმა წითელ ან მწვანე ღილაკზე თითის დაჭერით უნდა გადაწყვიტონ, როგორ შევლენ ისტორიაში.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო. ვინ რომელ მხარეს დგას და ვინაა სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, თუ რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას, მათ მომავალს ასე. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში, ახლა რა ნამუსით და სინდისით დააჭერთ მწვანე ღილაკს თუ წითელ ღილაკს“,- თქვა გიორგი მსხილაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო იურიდიულად და სამართლებრივად გამართულია.
„აღნიშნული ვეტო რომ არ იყოს იურიდიულად გამართული და სამართლებრივად სწორი, მასში რომ არ იყოს მოყვანილი პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი. ეს ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონდა კიდევ უმრავლესობას, რომ ვეტო ყოფილიყო რამენაირად გაუმართავი, რომ რაღაც მიზეზი ჰქონდათ და მისი განხილვის გარეშე მომხდარიყო კანონპროექტის მიღება“,- განმარტა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
პარლამენტში პლენარულ სხდომაზე "რუსულ კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.