აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ვინც ამ კანონს ხმას მისცემს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი.
“ეს კანონი საქართველოს სისტემაში ჯერ კიდევ მიღების პროცესს გადის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვრჩებით “უცხოური აგენტების შესახებ” წარდგენილი კანონით. იგი საქართველოს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, ვისაც თანამოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.
ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციალური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციალური რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი. ასეთი კანონი არ შეესაბამება მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს. ასეთ შენიშვნებს მხოლოდ აშშ არ გამოთქვამს. რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ყველამ შეშფოთების მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, - თქვა პრაისმა.
პრაისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ინიციირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის.
„ბევრი პროპაგანდაა ამ კანონის შესახებ. თქვენ ახსენეთ განცხადება, თითქოს ეს კანონი დაფუძნებულია ჩვენს კანონ FARA-ზე. ეს კანონი მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტები დარეგისტრირდნენ და არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და დაფინანსებას“.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა. სხდომა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.