მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვინივერიამ" ახალი დასახელების ღვინო "აკაპელა" ჩამოასხა - "ვფიქრობ, ახალგაზრდებს ეს ღვინო მოეწონებათ"

აკაპელა

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ვინივერიამ“ ახალგაზრდების მისაზიდად ახალი დასახელების ღვინო „აკაპელა“ ჩამოასხა, რომელიც „დეილის“ 1000-მდე სუპერმარკეტში უკვე იყიდება. როგორც მეღვინეობის თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა, კომპანია შეეცდება კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს მსურველებს, აქცენტირებას კი ახალგაზრდებზე აკეთებს, რათა ამ სეგმენტში ღვინოზე მოთხოვნა გააღვივოს.

„ჩვენ შევქმენით ღვინის ახალი ბრენდი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ორი სახეობით არის წარმოდგენილი. ეს არის „აკაპელა“ - ქართული და ფრანგული ყურძნის ჯიშებით შექმნილი ღვინო, რომელსაც „ვინივერიაში“ ვაწარმოებთ. ეს დასაწყისია და ჯერ ფასის ზედა ზღვარი არ განგვისაზღვრავს. ამ ღვინის ყიდვა ფასდაკლებების დროს 10-15 ლარადაც შეიძლება. დაახლოებით 50 000-ზე მეტი ბოთლი ჩამოვასხით, რომელსაც ძალიან მაღალი ხარისხის შეფუთვა აქვს და ცვილით არის დაცობილი. ეს არის ახალგაზრდა ღვინო. ვფიქრობ, ახალგაზრდებს ეს ღვინო მოეწონებათ“, - ამბობს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

გია პირადაშვილი მიიჩნევს, რომ ღვინის გაყიდვებში საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა, თუმცა მეწარმე და ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ადგილობრივად გაყიდვებში ზრდა არ აქვთ. მისი შეფასებით, საქართველოში ღვინო ძალიან ძვირი ღირს, რაც პროდუქტზე ხელმისაწვდომობას ამცირებს, სწორედ ამიტომ „ვინივერიას“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ახალგაზრდებზე გათვლილი პროდუქტები და გაყიდვების ახალი მიდგომები, სურათს შეცვლის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ბაზარი გაყიდვებში ფლაგმანი უნდა იყოს, რადგან თუ საქართველოს ბაზარზე კარგად ხარ წარმოდგენილი, კარგი რეპუტაცია და კარგი ურთიერთობები გაქვს მომხმარებელთან, ეს ძალიან კარგია. სწორედ აქედან ვიპოვეთ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. როდესაც 90-იანების მიწურულს ღვინის წარმოებაში ჩავერთეთ, მაშინ ბაზარზე სულ რაღაც 4 კომპანია იყო, დღეს დაახლოებით 2900-ზე მეტი მეწარმეა.

საქართველოში ღვინო ძალიან ძვირი ღირს. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ამისთვის კი მათზე გათვლილი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, რომელსაც ისეთ ფასს არ დავადებთ, რომ საცალო ქსელში 40-50 ლარი ღირდეს. ჩემი აზრით, ეს ღვინო 20 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამაზე თუ ღვინის სხვა მწარმოებლებიც იფიქრებენ, ძალიან კარგი იქნება. დაბალი ფასი არ ნიშნავს დაბალ ხარისხს, ეს ნიშნავს ხელმისაწვდომობას კარგ პროდუქტზე ყველასთვის. ღვინო სახალხო სასმელია და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება და უფლება, რომ კარგი, ხარისხიანი ღვინო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვები ვერ ვიტყვი რომ შემცირებულია, თუმცა არც იზრდება. ვფიქრობთ, რომ ღვინის რაოდენობრივი გაყიდვების გაზრდის პოტენციალი საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული ალკოჰოლური სასმელების ქსელები გვაქვს. არსებობს სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ღვინოებს აწარმოებენ. ამდენად მარკეტინგულად ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ღვინო სასურველი გახდეს.

ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდები ღვინის მოხმარებაზე გადმოვიყვანოთ“, - განმარტავს პირადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები