საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არც არჩევნებში მონაწილეობის და არც ბოიკოტის კამპანია არ არის მისაღები, რადგან ორივე ოპოზიციას გახლიჩავს და ამ გზით დიდ ფულსა და ადამიანური რესურსები იხარჯება, რომლებიც უნდა მიმართულიყო პროტესტის გაძლიერებაზე.
„ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ფულადი რესურსები და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს“, — აცხადებს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნები არ არსებობს და არსებობს მხოლოდ მითი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა შემოგდებული ოპოზიციის გახლეჩისა და დაპირისპირების მიზნით.
„ეს შედეგიც მიღწეულია. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს. მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ერთადერთი ჩვენი ძალა არის ერთობა“, — აღნიშნავს ზურაბიშვილი.
მისი აზრით, არჩევნებში მონაწილეობის მცდელობა წარუმატებლობით დამთავრდება, რადგან „არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა“ და პარტიებიც არ აძლევენ ხმას რეალურ ამბიციებს.
მისი თქმით, ბოიკოტის კამპანიაც აბსურდულია, რადგან არც მისი გამოცხადება და არც მისი შედეგად მიღწევა არ იქნება გამარჯვება.
„დღევანდელ პირობებში, როგორც გაყალბდება არჩევნები, ასევე გაყალბდება ბოიკოტიც, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის და მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, მოწინააღმდეგეები რომც იყვნენ. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები“, — განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.




























