“ნაპოლიში” ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს მისვლისთანავე ნათელი მოეფინა ვიქტორ ოსიმენის თემას, რომელზედაც იტალიელმა განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის. ამიტომ ოსიმენი იტალიის ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა და მხოლოდ 21 წლამდე ფეხბურთელებთან ვარჯიშის ნება დართო.
სიტუაციიდან გამომდინარე ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერი დღის წესრიგში დადგა. მისი შეძენით თავდაპირველად ლონდონის “ჩელსი” ინტერესდებოდა, რომლებმაც შემტევს კვირაში 155 ათასი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, რაზეც ნიგერიელმა უარი განაცხადა.
ახლახან ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოსიმენი სეზონის ბოლომდე იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, სტამბოლურ “გალათასარაის” შეუერთდა. თურქები მზად არიან, ვიქტორს იგივე ანაზღაურება გადაუხადონ, რასაც ნეაპოლელები უხდიან, ანუ წლიური 10 მილიონ ევრო, ეს პირობა კი იტალიური გუნდის პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისთვის საკმაოდ მისაღებია.
სეზონის დასრულების შემდეგ დე ლაურენტისის მიზანია დაბრუნებულ ოსიმენს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს, რადგან მის ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს გასდის და ნეაპოლელებს მომავალ ზაფხულს მის დაბალ ფასში სრულფასოვნად გასხვისება არ სურთ. გახანგრძლივების შედეგად კი მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება, რაც სხვა გუნდებს მისი შეძენის შესაძლებლობას გაუზრდის, ვინაიდან, ამჟამად ნიგერიელი შემტევის ღირებულება 130 მილიონს აღწევს.
სტამბოლის “ათა თურქის” სახელობის აეროპორტში ოსიმენს ათი ათასობით გულშემატკივარი დახვდა, ხოლო გუნდის ჩანაფიქრია, რომ ის კიდევ ერთ ფორვარდს, მაურო იკარდის შეუწყვილოს შეტევის ხაზში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროპის უმრავლეს ჩემპიონატებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღედ 30 აგვისტოა განსაზღვრული, თუმცა თურქულ ფეხბურთში ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება.