მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორ წილოსანის თქმით, უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში ტრამვაის საჭიროება არ იქნება

64b7ccd66d8a9
მარიამ იზორია
19.07.23 15:23
1481
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MOTT MACDONALD-ის წარმომადგენელი ამბობს, თბილისის მეტროს განვითარებას, რომელიც ძვირი ჯდება, მიწისზედა ტრანსპორტის განვითარება ჯობია, რომელიც ბევრად უფრო ხარჯთეფექტიანია. მარკ სელინი თბილისში ტრამვაის ქსელის განვითარების შესაძლებლობაზე საუბრობს. bm.ge-იმ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს ჰკითხა, მოხსნილია თუ არა ტრამვაის საკითხი დღის წესრიგიდან.

მისი თქქმით, დედაქალაქში ტრამვაის დამატების საკითხი დღის წესრიგიდან არასდროს მოხსნილა, თუმცა ჯერჯერობით უპირველესია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი დერეფნები სრულად შეიქმნას.

ვიქტორ წილოსანის განმარტებით, უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში დედაქალაქში ტრამვაის დამატების საჭიროება არ დგას.

„ტრამვაის საკითხი დღის წესრიგიდან არასდროს არ მოხსნილა, როგორც მათ შორის მეტროს განვითარების საკითხი, თუმცა როცა ტრამვაიზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია, რომ სრულად შეიქმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი დერეფნები. არსებული მგზავრთნაკადის გადაადგილება ავტობუსებით თავისუფლად შესაძლებელია, პლუს ამას როცა 18-მეტრიანი ავტობუსები დაგვემატება მოთხოვნის დაკმაყოფილება მარტივად მოხდება, თუმცა, როდესაც მგზავრობები გაგვეზრდება მობილობის ზრდასთან ერთად და სადღაც გვექნება ის კრიტიკული ზღვარი სადაც შესაძლებელი იქნება და საჭირო გახდება ტრამვაის დამატება. უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში ამისა საჭიროება არ იქნება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი, შესაბამისად, როცა ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, გვინდა 18 და 24-მეტრიან ავტობუსებს ვატარებთ, გვინდა ტრამვაის დავამატებთ, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა იქნება“, - ამბობს ვიქტორ წილოსანი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებს უყურებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 დერეფნის სრულად დასრულება - ვიქტორ წილოსანი აღნიშნავს, რომ დერეფნების მოწყობა წერეთლის და უნივერსიტეტის ქუჩების რეაბილიტაციის გამო შეჩერდა, ქუჩების დასრულებისთანავე კი პროცესი კვლავ განახლდება.

„თებერვალ-მარტში დავიწყეთ და 4 დერეფანი დავასრულეთ, შემდეგ შევჩერდით წერეთლის და უნივერსიტეტის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, დამატებითი შეფერხება რომ არ ყოფილიყო. როცა ქუჩების რეაბილიტაცია დასრულება, დერეფნების მოწყობის სამუშაოები აღდგება“, - განმარტავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები