Virgin Atlantic ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი პირველი გახდა მსოფლიოში, რომელმაც ლონდონიდან ნიუ-იორკამდე 100%-ით მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) იფრინა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 11:49 საათზე აფრინდა და ის პირველ ტრანსატლანტიკურ ფრენას შეასრულებს, რომელიც ნახშირბადის ემისიების მკვეთრად შემცირებულ რაოდენობას გამოიმუშავებს და ავიაციის უფრო მდგრად პოტენციალს გაუსვამს ხაზს.
ფრენა Virgin Boeing 787-ით ოპერირებს, რომელიც Rolls-Royce-ის ძრავებითაა აღჭურვილი.
მართალია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თვითმფრინავი მგზავრებსაც გადაიყვანს, თუმცა მანამდე ანალოგიური მარშრუტის ფრენა Gulfstream G600 თვითმფრინავითაც შედგა, რომელმაც წარმატებით გადალახა ატლანტის ოკეანე მხოლოდ მდგრადი საწვავით.
აღსანიშნავია, რომ მგზავრებს შორის Virgin Atlantic-ის დამფუძნებელი, მილიარდერი რიჩარდ ბენსონი, ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორი შაი ვეისი და ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი მარკ ჰარპერიც არიან.
ავიაცია ნახშირბადის გლობალური ემისიების 2-3%-ზეა პასუხისმგებელი. SAF კი მთავარი ფაქტორია, რომელიც ამ წილის შემცირებისთვისაა საჭირო, თუმცა ტრადიციულ საწვავთან შედარებით, მდგრადი საწვავის ღირებულება 5-ჯერ მაღალია, რის გამოც მსოფლიოში გამოყენებული საწვავის მხოლოდ 0.1%-იანი წილი მოდის მდგრად საწვავზე.