1 თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები შედის. პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტი უკვე დააინიცირეს.
ახალი კანონპროექტით სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევთ.
კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.
დამსაქმებელთა ასოციაციაში ცვლილებებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ განახლება კანონში არსებულ ბუნდოვანებას აწესრიგებს, მაგრამ მაინც რჩება საკითხები, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.
“აღნიშნული ცვლილებები ეხმიანება ზუსტად იმ თემატიკას, რაზეც ბიზნესი არაერთ შეხვედრაზე საუბრობდა.
ახალი რეგულაციით, მიგრაციის შესახებ კანონი არ გავრცელდება პარტნიორებზე. არ გავრცელდება ასევე იმ დირექტორებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში. ასევე არ გავრცელდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე იგივე კატეგორიის საწარმოებში.
აღნიშნული ცვლილებებით ასევე გამონაკლისი იქნება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში მომსახურება შრომით საქმიანობაზე. მთავრობის მიერ ნუსხა იქნება დამტკიცებული იმ საქმიანობების სახეების შესახებ, რომელიც შესაძლებელია ასე განხორციელდეს. სავარაუდოდ, იქნება ექიმები, მომსახურების სფერო, შოუ-გასართობი პროგრამები და ასე შემდეგ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც არის, ეს არის არარეზიდენტი პირისთვის მომსახურების გაწევაზე - როდესაც საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად საქართველოში აღნიშნული პირი ახორციელებს საქმიანობას შრომით-სამართლებრივი ფორმით, თუმცა მომსახურებას სრულად არარეზიდენტ საწარმოს უწევს.
ასევე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება იმ პირებზე, ვინც სრულად დისტანციურად უწევენ მომსახურებას ქართულ კომპანიებს. შესაბამისად, ის ძირითადი აქცენტები, რასაც ბიზნესი ამ ხნის განმავლობაში, ამ ორი თვის განმავლობაში აკეთებდა, აღნიშნული ცვლილებები პასუხობს.
რჩება რაღაც საკითხები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ არის კრიტიკული, თუმცა ერთ-ერთ საკითხად შეგვიძლია დავასახელოთ ამ შემთხვევაში იმ პირების მიმართ, ვინც დასაქმებულია წლობით საქართველოში, მათზე, ვაკანსიის გამოცხადების და ამ რეკრუიტინგის თემის გავრცელება, რაზეც ალბათ მომავალშიც გაგრძელდება მსჯელობა,”-ამბობს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ვახტანგ შურღაია.



























