ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტარიფების დაწესებაზე უარი არც ამ კვირაში უთქვამს. პირველი სამიზნე ბრაზილია იყო, რომელსაც 50%-იანი ტარიფები დაუწესდა და მოიცვა როგორც მეტალის პროდუქტები, ისე სოფლის მეურნეობის სექტორი. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად ძველი მოკავშირისა და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი დაასახელა.
რიგში მეორე ინდოეთი აღმოჩნდა, რომლის არაერთ პროდუქტს 25%-იანი ტარიფები გუშინ დაუწესდა. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არამარტო სავაჭრო მოლაპარაკების გაჭიანურება, არამედ რუსული გაზისა და შეიარაღების შეძენა გახდა. როგორც ცნობილია, 2022 წლის შემდეგ ინდოეთი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა.
რიგით მესამე და ყველაზე ახალი გადაწყვეტილება ტრამპმა დღეს გამოაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა 50%-იანი ტარიფები სპილენძის პროდუქტებზე, მილსადენებსა და გაყვანილობაზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებით ახსნა. როგორც მან განაცხადა, შტატები სპილენძის იმპორტზე სერიოზულადაა დამოკიდებული, ეს კი მტრულ ქვეყნებს ამერიკაზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ტარიფები ნედლ და გადამუშავებულ სპილენძს არ შეხებია, რამაც ბაზარი მეტ-ნაკლებად დაამშვიდა.




























